weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ამბავი გამოიგონეს, თითქოს სამეგრელოში სპეცრაზმის გაგზავნას ვაპირებდით – პრემიერი

13:10 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყუილი უწოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება სამეგრელოში ყოფილი პოლიციელების დაკავებას გეგმავს.

ღარიბაშვილის თქმით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობის დაძაბვას ემსახურება.

„გუშინ ღამე სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ მართლაც ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა.

არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას.

ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ალბათ თვითონ როგორ იმოქმედებდნენ და რას დაგეგმავდნენ, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული რაღაც პანიკა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ წუხელ განაცხადა, რომ ზუგდიდში ყოფილი პოლიციელების დაკავება იგეგმება. როგორც მელიამ თქვა, სამართალდამცველებს რამდენიმე პირის დაკავება სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლამდე სურდათ, რათა შემდეგ ღარიბაშვილს გაეკეთებინა განცხადება, თითქოს იქ იარაღის სამალავი აღმოაჩინეს და ოპოზიცია „რაღაცას აპირებდა“, თუმცა, ნიკა მელიას თქმით, „ეს ოპერაცია ჩაუვარდათ“. მელიას განცხადებით, ხელისუფლებას აქვს სურვილი წავიდეს იმ სცენარით, თითქოს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებს.

„ჩვენი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი არის მივლენილი ზუგდიდში, რომლებიც ნიადაგს ამზადებენ რომ მოახდინონ გამთენიისას ან ხვალ დღის განმავლობაში დაკავებები ყოფილი პოლიციელების, რომლებიც უბრალოდ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ანზორ მელიას საარჩევნო შტაბში.

ისინი არიან ხელის შემშლელი ფაქტორები ამ ადამიანებისთვის. ერთი ადამიანი, ლექსო რაფავა დააკავეს - უბრალოდ, ვითომც არაფერი ჩაუდეს ხელყუმბარა და ავტომატი. რუსლან შამახია, ჩემი მეგობარი ვერ დააკავეს, სპეცოპერაცია ჩაუვარდათ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია. უწყება აცხადებს, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია, რაც „პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]