weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე 19 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს

15:17 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

19 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.

როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს და შიმშილობის პერიოდის გათვალისწინებით ყოველწუთიერად იზრდება მისი ჯანმრთელობის გაურესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკები.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული და კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით კი N18 დაწესებულება (ე.წ. ციხის საავადმყოფო) სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ამასთანავე, სახალხო დამცველის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც N8 პენიტენციური დაწესებულების გვერდით, ერთ სივრცეში მდებარეობს, შეიცავს მისი უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად გაითვალისწინოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა და რეკომენდაციები და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მის მიმართ, სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)
  • „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC)
  • „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF)
  • „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD)
  • „ადამიანის უფლებების ცენტრი“ (HRC)
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI)
  • „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)
  • „ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)
  • „მედიის განვითრების ფონდი“ (MDF)
  • „კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“
  • „საზოგადოება და ბანკები“
  • „საფარი“
  • „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI)
  • ცენტრი „ემპათია“
  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA)
  • „სოციალური სამართიანობის ცენტრი“ (SJC)
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
  • „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (UNAG)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 26-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პატიმარს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რომელიც, როგორც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ირწმუნება, მზად არის პაციენტის მისაღებად. ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც ექიმთა ჯგუფმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]