weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

10:16 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და ასეთ შემთხვევაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„100 000 პატიმარი გვყავს ჩვენ, ყველამ რომ დაიწყოს შიმშილობა და მოითხოვოს, რომ არ შეიძლება მათი საპატიმროში ყოფნა და უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკებში, წარმოგიდგენიათ რა მოხდება? ეს ხომ ქაოსია, ეს ხომ სახელმწიფო არ არის? ჩვენ ამ კაცის ჭკუაზე, რა თქმა უნდა, არ ვივლით და არასოდეს არ გაივლის ქვეყანა. ალბათ გვისმენს და მან უნდა გააცნობიეროს, რომ დიდხანს იქნება ციხეში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვას, რა მოლოდინი აქვს, რითი შეიძლება დასრულდეს შიმშილობა იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, სააკაშვილს სამედიცინო დახამარებას გაუწევენ, ღარიბაშვილმა უპასუხა:

„ფინალი, არ ვიცი ახლა. ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს... ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ის კი არა, ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად, პენიტენციური სამსახურის მიერ.

ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს, კონსულტაციებს უტარებენ და გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადების შემდეგ, გადაცემის მეორე წამყვანმა აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი თავს იზიანებს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რომ თავი არ დაიზიანოს.

„დავეხმარებით. გადავიყვანთ საჭირო დროს, საჭიროების შემთხვევაში გლდანის საავადმყოფოში, იმიტომ, რომ არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირები, პროვოკაციები, რაც მას აქვს დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ გადავიყვანთ სამოქალაქო კლინიკაში, მოხდება ამ დაპირისპირების, ორგანიზებული შეტევის და პროვოკაციების მცდელობა“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 29-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ იქ მისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]