weather cur horoscope tv
ივნისი 22, 2024

გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს კორუფციულ გარიგებაზე – „მთავარი არხი“ Ipsos-ზე

16:00 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კვლევით კომპანია Ipsos-თან თანამშრომლობას წყვეტს, არჩევნების მეორე ტურისთვის ეგზიტპოლს მას აღარ დაუკვეთავს და არაკეთილსინდისიერი ქმედებებისთვის არბიტრაჟში უჩივლებს. გვარამიას თქმით, აქვთ საფუძვლიანი ეჭვი კორუფციული გარიგების შესახებ.

ნიკა გვარამიამ Ipsos-თან და „ქართული ოცნების“ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„ვაცხადებთ ჩვენს პოზიციას, კომპანია „იფსოსის“ მიერ გუშინ, 28 ოქტომბერს, ჩვენს შორის არსებული კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევის ფაქტზე:

კომპანია „იფსოსის“ მიერ მოწოდებული ზუგდიდის ნედლი ციფრები დამატებითი შეწონვის, (ჩვენთან ცნობილია, როგორც ალოკაცია) გარეშე არის შემდეგი: ანზორ მელია: 52.3%; მამუკა წოწერია: 43.3%; უარი პასუხზე/არ ვიცი: 4.4%.

  1. ნარჩენი 4.4%ის გადანაწილება იმგვარად რომ 49/51 მივიღოთ „ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ, იმედია, მარტივად გასაგებია, რომ აბსურდია. სულ რომ 4.4% მთლიანად წოწერიას დაემატოს (რაც უკვე სტატისტიკური აბსურდია). ჩვენთვის ციფრების მოწოდების შემდეგ, ერთადერთი შეკითხვა გაგვიჩდა ქალაქ ზუგდიდის მონაცემების შესაძლო ხარვეზზე, რაზეც მივიღეთ სატელეფონო განმარტება, რომ სავარაუდოდ ტექნიკური შეცდომაა და გვეხელმძღვანელა იმ მონაცემებით, რომლიც მოგვიანებით გამოვაქვეყნეთ. ასევე, მივიღეთ განმარტება, რომ რაკიღა გამოქვეყნებამდე დრო მცირეა, შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დადასტურებად ჩავთვალოთ სატელეფონო თანხმობა, ხოლო ელექტრონული ფოსტით თანხმობას მივიღებდით პოსტ-ფაქტუმ (აღნიშნულს არაერთხელ ქონი ადგილი ჩვენი პარტნიორობის განმავლობაში).
  2. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ „მთავარმა არხმა“ გადაწყვიტა შედეგების გაყალბება, ჩნდება კითხვა: ჩვენი მიკერძოებული მიდგომა გავრცელდა მხოლოდ ქალაქ ზუგდიდზე, სადაც კონსენსუსია ქართულ საზოგადოებაში, რომ ოპოზიციური კანდიდატი ყველაზე დიდი უპირატესობით იგებს? სადაც სულ 2% დააკლდა ოპოზიციის კანდიდატს პირველ ტურში მოსაგებად და ყველაზე დიდი სხვაობა იყო „ნაცმოძრაობის“ კანდიდატსა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის? და, ამის პარალელურად, მინიმალური სხვაობები (ცდომილების ფარგლებში) ხელუხლებელი დავტოვეთ ყველა სხვა ქალაქში და განსაკუთრებით, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, თბილისში -3%-ით უკან დავტოვეთ ოპოზიციის კანდიდატი?
  3. ასეც რომ ყოფილიყო, „იფსოსს“ არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, ჩვენი თანხმობის გარეშე. თუ თვლის, რომ ან შეგვეშალა, ან გავაყალბეთ მონაცემი, წინასწარ უნდა შედგეს კომუნიკაცია ამ საკითხზე დაზუსტების მიზნით, რასაც ადგილი არ ქონია. თუ ეჭვს შეიტანდა ჩვენს კეთილსინდისიერებაში, პარტნიორ კომპანიას შეეძლო მხოლოდ დაუყოვნებლივ გაეწყვიტა კონტრაქტი.
  4. „იფსოსის“ საიტზე გამოქვეყნებულ შედეგებში მითითებული ცდომილების ზღვარი მერყეობს 4%-დან 5%-მდე. აღნიშნული კი თეორიულად შეუძლებელია და არაა დაშვებული ქართული კონმდებლობით, რომლითაც ეს ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს. ცხადია, „იფსოსმა“ იცის ეს მოთხოვნა და ის ყოველთვის კვლევის ტექნიკური პროტოკოლის ნაწილია. მათ მიერ გამოგზავნილ კვლევის მეთოდოლოგიაში ცდომილების ფარგლები მითითებულია კანონით მოთხოვნილ სამპროცენტიან ფარგლებში.
  5. განცხადებაში ასევე განსხვავდება ინფორმაცია საველე სამუშაოს ჩატარების ვადების შესახებ იფსოსის მიერვე ჩვენთვის მოწოდებული ვადებისგან.
  6. მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს და სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაციას იღებს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან. რუსული ყაიდის ოლიგარქიულ ქვეყანაში, რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. ბოლო საათებში ჩვენ ინტენსიურად ვიკვლევდით ამ საკითხს და მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავადგინეთ პირი, რომელიც მთავარი ფიგურანტია ამ სიყალბეში და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია კონკრეტული მიზეზიც, რამაც განაპირობა ეს არაკეთიოსინდისიერი ქმედება.
  7. „მთავარი არხი“ მიიჩნევს, რომ ამ მკაფიოდ არაპარტნიორული და უკიდურესად საეჭვო საქციელით, კომპანია „იფსოსმა“ მოახდინა საკუთარი თავის აღუდგენელი დისკრედიტაცია. რეპუტაციაშელახული კომპანია კი ვეღარ იქნება ჩვენთვის სანდო და საიმედო პარტნიორი. მით უფრო, ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს და, მით უფრო, როცა ვსაუბრობთ ეგზიტპოლზე.
  8. ბოდიშს ვუხდით „იფსოსის“ ყველა კეთილსინდისიერ და უაღრესად კომპეტენტურ თანამშრომელს, ვისთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივი და უკიდურესად ეფექტიანი იყო. თუმცა, ვწუხვართ, რომ მათ ვერ შეძლეს ამ ტიპის ქმედებების შეჩერება და, მათ შორის, საკუთარი კომპანიის რეპუტაციის დაცვა არაკეთილსინდისიერი პირებისგან.
  9. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვწყვეტთ პარტნიორობას კომპანია „იფსოსთან“ და ის აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს „მთავარი არხის“ სახელით.
  10. სამწუხაროდ, ვაცნობიერებთ, რომ ეს სიყალბე სწორედ იმიტომაა ჩადენილი, რომ ჩვენი ეგზიტპოლი ჩაშლილიყო და აღარ არსებობდეს გაყალბების პრევენციის მთავარი მექანიზმი.
  11. სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია 2 დღეში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და სწორედ ამ მიზეზით მივიღეთ დივერსია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ქართული „იფსოსის“ ამგვარმა მოქმედებამ საფრთხის წინაშე დააყენა ქართული დემოკრატია, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ხვალ, არჩევნებზე, მაინც შევძლოთ ეგზიტპოლის ჩატარება.
  12. „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ კომპანია „იფსოსის“ ამგვარი არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებები გასაჩივრდება კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით, სადაც ჩვენ არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოვითხოვთ, არამედ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.
  13. „მთავარი არხი“ ასევე მიმართავს შესაბამისი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, მისი კონკრეტული მოქალაქის ქმედებებში შესაძლო კორუფციული დანაშაულის ნიშნების მოკვლევის დაწყების თაობაზე და ასევე მის ტერიტორიაზე ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
  14. „მთავარი არხი“ ასევე მოახდენს ყველა პარტნიორი ტელევიზიის, საერთაშორისო მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის შიგნით „იფსოსის“ მომსახურებით მოსარგებლე კერძო კომპანიების ინფორმირებას მისი არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერების და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე“, – ნათქვამია ნიკა გვარამიას განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ წინასაარჩევნო კვლევის შედეგების ჩასწორებასა და მანიპულირებაში გუშინ დაადანაშაულა. მისი თქმით, „მთავარ არხზე“ გამოქვეყნებული მონაცემებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანზორ მელიას 54.7% უჭერს მხარს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას 45.3%, მაშინ, როდესაც Ipsos-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, მამუკა წოწერიას შემთხვევაში 51% წერია, ანზორ მელიას შემთხვევაში კი – 49%.

„როგორც ჩანს ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და ჩარჩა ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორ ხდება წინასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]