weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

წალენჯიხაში, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, „დემოკრატიის ჰაბი“ გაიხსნება

14:04 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021
ფოტოზე - EECMD-ის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე ფოტოზე - EECMD-ის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) წალენჯიხაში ახალ ოფისს - „დემოკრატიის ჰაბს“ გახსნის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნები ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოიგო. გარდა ამისა, წალენჯიხის საკრებულოც ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტდა.

„EECMD ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკური აქტორების შესაძლებლობების განვითარების, პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და დემოკრატიული კულტურის გაძლიერების ხელშემწყობი.

თუმცა, ეფექტური დემოკრატიის შექმნა, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური გაძლიერების მხარდაჭერისთვის, ვხსნით ახალ ოფისს.

ჩვენი მიზანია ახალგაზრდების, საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდაჭერა და თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების წახალისებაა“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EECMD-ის ცნობით, „დემოკრატიის ჰაბი“ იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვისა და აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მოეწყობა შეხვედრები და სემინარები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.

წლების განმავლობაში EECMD ხელს უწყობს „დემოკრატიის სკოლების“ მუშაობას თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ორგანიზაციის პროექტია www.partiebi.ge, რომელიც 2012 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ოპოზიციის მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ხარჩილავამ ამომრჩეველთა ხმების 51% (7250 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 49% (6936 ხმა).

ხარჩილავას თქმით, შანტაჟის, მუქარის, იძულებისა და მოსყიდვის მიუხედავად, ამომრჩეველმა საკუთარი ნება დააფიქსირა.

„ჩვენ ოპოზიციის ფლანგზე ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავით კოალიციური ხელისუფლების ფორმირებისა, რაც ნათელ სხივს გამოაჩენდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, სადაც ოლიგარქიამ ადამიანისთვის ადგილი არ დატოვა, ხელისუფლებაში ადამიანის მონაწილეობის ადგილი არ დატოვა. ამომრჩეველმა სრულიად გაიაზრა, გამოავლინა პოლიტიკური კულტურა და საკუთარი ნება სრულიად გააზრებულად დაუპირისპირა ამ სისტემას.

სისტემამ გადააჭარბა. გადააჭარბა იმ ძალადობაშიც, რეპრესიებშიც და პირისპირ შეეჩეხა თავმოყვარე, მთისპირა კოლხ ადამიანს, მოქალაქეს - სამოქალაქო ღირსება უფრო მაღლა დადგა, ვიდრე აგრესის ხარისხი“,განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

მეორე ტური დანარჩენ 19 ოლქში მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა მოიგეს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდ ქალაქებში უპირატესობა ბიულეტენების გაბათილების ხარჯზე მოიპოვა.

ოპოზიცია საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას აპირებს და ქუჩის აქციებსაც აანონსებს. პროტესტის ნიშნად პარლამენტის წევრის მანდატზე უარს ამბობს პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]