weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

სააკაშვილის გორში გადაყვანა და ოსური სპეცრაზმის მიერ გატაცება იგეგმება – გვარამია

16:59 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ შესაძლოა, გორის ჰოსპიტალში დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს წყაროსგან აქვს.

„არ გამოგივათ, მეგობრებო. ვერტმფრენის მობილიზებაც სწორედ ამას უკავშირდება და არა ციხის საავადმყოფოში გადაყვანას. არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და კეთილი ინებონ, გადაიყვანონ იქ. ნუ აკეთებენ გამონაკლისს სააკაშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა გვარამიამ.

ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ის შიმშილობას არ წყვეტს და „კატეგორიულად არ აპირებს“ ციხის საავადმყოფოში გადასვლას.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სააკაშვილი თავს პუტინის პატიმარს უწოდებს, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებს და პროტესტის ნიშნად 32-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანონ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი დაწესებულებაა გლდანის ციხის საავადმყოფო.

„მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლას და სჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას აპირებენ. ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე სუს-ი გამოძიებას აწარმოებს.

იუსტიციის მინისტრო აცხადებს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანოს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც კონსილიუმმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]