weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ

19:47 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

ქუთაისის N90 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იზა ჩირგაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხმების გაყალბებას აიძულებდნენ. ამის შესახებ მან დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომისიის წევრის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაავალეს, კონკრეტული პირები უბანზე სხვისი პირადობის მოწმობებით შეეშვა და რეგისტრაციაში გაეტარებინა.

„ვიყავი კომისიის წევრი. ვცდილობდი გამეყალბებინა არჩევნები. მაძალებდა ქალბატონი ირმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. დამირეკა, ვინმე რომ შემოვა, გაატარეო. არცერთი არ გავატარე – ორი შემთხვევა იყო ისეთი. არცერთი არ ემთხვეოდა მონაცემებს, მხოლოდ სახელი ემთხვეოდა, დანარჩენი არაფერი, ადამიანი სხვა პირადობით შემოდიოდა. არ მოვაწერინე ხელი, გავუშვი ორივე. მერე დამირეკეს ისევ – რას ჰქვია, არ გაატარეო, უნდა გაგეტარებინაო და შეასრულეო. სხვა პიროვნებებიც ასე გავუშვი. ჩემზე იყო დამოკიდებული ხელს მოვაწერდი თუ ბეჭედს დავარტყამდი. ვეცადე, რომ არცერთი ბიულეტენი არ გამეშვა ისე, რომ გამეყალბებინა. ყველას ვიღებდი სამართლიანად, პირბადეებს ვუწვდიდი, ყველას სახეზე ვაკვირდებოდი, ყველა პირადობას ვამოწმებდი და არაფერი უკანონო არ ჩამიდენია“, – განაცხადა იზა ჩირგაძემ.

მისივე თქმით, დღეს, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა ოპოზიციის წარმომადგენელს შეხვედროდა და მისთვის ეს ინფორმაცია მიეწოდებინა, მასზე ზეწოლა დაიწყეს. იზა ჩირგაძემ თქვა, რომ შეხვედრას სთხოვდნენ და მზად იყვნენ მასთან სახლში მისულიყვნენ. როგორც ის ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენელს „გრანდ მოლის“ ტერიტორიაზე უნდა შეხვედროდა, რაზეც იმ პირებმა, რომლებიც ურეკავდნენ, უთხრეს, რომ თუ რამე უნდოდა, ისინი უყიდიდნენ.

„ჩემს დასაც დაუკავშირდნენ – შენი და ძალიან დიდ საფრთხეშიაო. ჩემი და დამიკავშირდა, ცოტა დაძაბული და შეშინებული, ასე მითხრა – შენი ქმრის ტელეფონის ნომერსაც ითხოვდნენო“, – ამობს იზა ჩირგაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელიც საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად მუშაობდა, „გრანდ მოლში“ შეხვდა, სადაც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც მიაკითხეს, პოლიცია გამოიძახეს და უთხრეს, თითქოს იტაცებდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნინო ნემსაძემ განაცხადა, რომ იზა ჩირგაძე მას წუხელ დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. ის დარწმუნებულია, რომ იზა ჩირგაძესთან მისი სატელეფონო საუბარი ისმინებოდა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასე აღმოჩნდნენ „გრანდ მოლის“ ტერიტორიაზე.

„იზამ აუბნია გზაკვალი, დაიმალა „გრანდ მოლის“ შენობაში, სავაჭრო ცენტრია, როგორც ვიცი. შევედი და როდესაც იზა დავინახე კიბეებზე, ამ დროს ორივე წარმომადგენელი, რომლებიც არჩევნების დღეს, 90-ე უბანზე იმყოფებოდნენ, ვიცანი, მათაც მიცნეს და გავექანე იზას დასაკავებლად, რომ არ წაერთმიათ. ვიცოდი, რისთვისაც იყვენ მოსულები, ეცნენ, გამოგლეჯვა უნდოდათ, ლამის შუაზე გახლიჩეს ადამიანი. მოვახერხეთ და ავტომობილამდე მივედით“, – ამბობს მარიამ ნემსაძე.

მისივე თქმით, გაყალბების მიუხედავად, 90-ე უბანზე არჩევნები ოპოზიციამ მოიგო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, იზა ჩირგაძეს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ და გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იზა ჩირგაძეს ეს ყველაფერი „ათქმევინეს“.

„მადლობა მინდა გადავუხადო იმ ათამდე ადამიანს, რომელთანაც შედგა კომუნიკაცია და სთხოვდნენ სხვადასხვა რაღაცების სანაცვლოდ თავისი გუნდისთვის, ანუ „ქართული ოცნებისთვის“ რაღაცები დაებრალებინათ და მათ ეს არ იკადრეს, შეთავაზება რაც არ უნდა სოლიდური ყოფილიყო. როგორც ჩანს, ერთი ადამიანი ოპოვეს, რომელმაც თქვა, რომ რაღაცებს ავალებდნენ, როდესაც მას ამის უფლებამისილება და საშუალება არ გააჩნდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]