weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

21:53 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანამდე შიმშილობას აპირებს. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტის შენობაში განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, დილიდან საკვები არ მიუღია და გადაწყვეტილი აქვს, მხოლოდ წყალი დალიოს.

„მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას. მეტსაც ვიტყვი, გულწრფელად, რომ არ ვარ მისი ამომრჩეველი უფრო მეტსაც ვიტყვი, მე არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია და დღესაც მაქვს პრეტენზიები მის მიმართ, მაგრამ, რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქის და მესამე პრეზიდენტის მიმართ. საკითხი არის სახელმწიფოებრივი ინტერესების, სახელმწიფოებრივი მშვიდობის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა ერთ პროცენტითაც კი დაუშვებელია.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ აქ, პარლამენტში, ინსტიტუტსა და შენობაში, რომელიც არ არსებობს, რომელშიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და ვიდრე მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები.

ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ჟურნალისტის კითხვას, რას მოიმოქმედებს, თუ შეეცდებიან პარლამენტიდან მის გაძევებას, ხოშტარიამ უპასუხა, რომ კანონით ამის უფლება არ აქვთ.

ელენე ხოშტარია მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ უარი უთხრა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის 34-ე დღეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]