weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ენმ: სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო აქციის მონაწილე გარდაიცვალა

11:13 კვირა, 07 ნოემბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების გამო და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პოლიციამ პროტესტისთვის სივრცე შეზღუდა, რასაც დაემატა ის, რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არც ერთი ბრიგადა.

„სამწუხაროდ, მსგავსმა მიდგომამ გამოიღო ფატალური შედეგი და სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო, ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მცირედით მაინც გაიაზროს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება“, – ნათქვამია „ნაციონალური მოზრაობის“ განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, რუსთავის ციხესთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს მათთვის არ მიუმართავთ. უწყების განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოძახებიდან 13 წუთში იყო.

„6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა. პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

6 ნოემბერს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას 24 საათის განმავლობაში არ დააკმაყოფილებს, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „მთელი საქართველო“ შეიკრიბება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]