weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პირადი ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

18:27 კვირა, 07 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ამ საკითხზე დაუყოვნებლივ უნდა იმსჯელოს ექიმების კონსილიუმმა.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, პენიტენციური სამსახურის მიერ ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ პატიმარმა უარი თქვა, იმ მინერალებისა და წამლების მიღებაზე, რომლებიც მის „ასე თუ ისე ნორმალურ ყოფნას“ უზრუნველყოფდა. ექიმის შეფასებით, ეს ტრაგედიაა.

„მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ. პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაქვს ძალიან ცუდი „ნიუსები“ თქვენთვის: მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებაზე და გადასხმებზე, არ უნდა არაფრის გაკეთება ამ დაწესებულებაში. ახლა საუბარია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე, იმიტომ, რომ ის იღებდა წამლებს, რაც უზრუნველყოფდა მის სიცოცხლეს.

ამ წუთში მდგომარეობა კრიტიკულია... ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება ყოველ საათში. ამიტომ ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, სასწრაფოდ შევხვდეთ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიკიტკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში - დღე არ იქნება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააპატიმრეს, რის შემდეგაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ რუსთავის ციხის სამედიცინო დახმარების ოთახში გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც, უწყების მტკიცებით, აჩვენებს როგორ იღებს პატიმარი საკვებს და ნატურალურ წვენებს.

სახალხო დამცველის მოადგილის ინფორმაციით, სააკაშვილმა საკვები დანამატები ექიმების თხოვნით მიიღო, როგორც გარკვეული მედიკამენტის შემცვლელი. გარდა ამისა, როგორც გიორგი ბურჯანაძე ამბობს, დანამატების მიღებაში სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა თამთა დემურიშვილმა დაარწმუნა, რომელმაც მას განუმარტა, რომ ეს არ ითვლებოდა შიმშილობის დარღვევად და სამედიცინო საჭიროება იყო.

„ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, მათი მოთხოვნით და მას ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა, რომ სასიცოცხლო მაჩვენებლები შენარჩუნებულიყო. ჩვენ ჩანაწერებიც ვნახეთ, სადაც მითითებულია - „30 მილიგრამი“, „50 მილიგრამი“, რასაც, ბუნებრივია, კვებითი ღირებულება არ აქვს და მხოლოდ სასიცოცხლო პარამეტრების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დაცველის მოადგილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია მაქსიმალურად შეინარჩუნოს მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლე და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომელიც პატიმარს შიმშილობის დამძიმებისკენ უბიძგებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჰოსპიტალიზაციას, იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, საჭიროების შემთხვევაში, ის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანოს, რასაც პატიმარი და მისი ადვოკატები ეწინააღმდეგებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]