weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება თქვა და ეზიარა – მეუფე ნიკოლოზი

12:54 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021
მეუფე ნიკოლოზი © რადიო თავისუფლება მეუფე ნიკოლოზი © რადიო თავისუფლება

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში აზიარა. როგორც მეუფემ თქვა, ეს სააკაშვილის ინიციატივითა და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა. 

„დღეს არის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე. ჩემი შეფასებით, დღეს არის ისტორიული დღე. მე ვიყავი საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მან მიიღო წმინდა ზიარება. ფიზიკურად ეს არის სულ პატრა ნამცეცი, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით. მან ეს მიიღო.

რატომ მიმაჩნია, რომ დღეს არის ისტორიული დღე: მასზე ხშირად ამბობენ, რომ „მოინანიოს“, „შეინანოს“ და მინდა გითხრათ, რომ სინანული, ქრისტიანული გაგებით, არის მოქმედება და არა ნიანგის ცრემლები, ანუ მოჩვენებითი აღიარება იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას, რაც, სამწუხაროდ, ბევრჯერ ყოფილა. ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და ახლა მე ვიტყვი ცოტა სხვანაირიად, ქრისტიანულად: 40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა.

იგი ეზიარა ღირსეულად და ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწიეთ. ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გასწია; ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთის მიმართ სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა.

შემიძლია მხოლოდ ისტორიული მაგალითები დავასახელო, თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი მაგალითები არ ვიცი: ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და 30-ე ფსალმუნი დაგვიტოვა. ეს იყო დავით მეფე აღმაშენებელი, იმიტომ, რომ „გალობანი სინანულისანი“ შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის და მასაც საკმაოდ დიდი ცოდვები ჰქონდა.

ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც ძალიან მძიმე ცოდვებით იყო, სამწუხაროდ, და ეს თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიტროპოლიტის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს „40 დღის შიმშილი“ გარეგნულადაც ეტყობა და ძალიან დასუსტებულია.

„ეჭვები რომ არის – შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ვფიქრობ, ადამიანმა სახე არ უნდა დაკარგოს და უნდა შეინარჩუნოს აზროვნების უნარი, რაც მას შენარჩუნებული აქვს. აბსოლუტტურად საღად აზროვნებს, ოღონდ ძალიან დასუსტებულია“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არ უკითხავს, აგრძელებს თუ არა შიმშილობას. მიტროპოლიტს მიაჩნია, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა ჰუმანური გადაწყვეტილება იქნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]