weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს – TI

13:19 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021
ფოტოზე - ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს ფოტოზე - ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს პროცესი ხელს უშლის ახალარჩეულ საკრებულოს თავისი ფუნქციის შესრულებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად დანიშნოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რათა მას მიეცეს საქმიანობის წარმართვის, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა თუ დამტკიცების შესაძლებლობა და ახალარჩეული საკრებულოს წევრები სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ გადაწყვიტა, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, დაჩქარებული წესით განიხილოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და მიიღოს იგი. აღნიშნული ნაჩქარევი გადაწყვეტილება რამდენიმე პრობლემას შეიცავს:

  • ახალარჩეულ საკრებულოში პოლიტიკური ძალების ახალი შემადგენლობა და პროპორციაა. შესაბამისად, ბიუჯეტის საკითხის გარშემო შესაძლო დისკუსია იქნებოდა საშუალება ადგილზე პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობისთვის.
  • ძველი საკრებულოს ეს ინიციატივა ფაქტიურად პრემიერ-მინისტრის იმ განცხადების გაგრძელებაა, სადაც იგი მიუთითებდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და მათ გარეშე ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე „ნაბიჯს ვერ გადადგამდა“.
  • როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს, საკრებულოს მსგავსი პროცესების წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.
  • შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებით მმართველი პარტია ცდილობს, თავი დაიზღვიოს, რადგან საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ისეთი კონფიგურაციააა, როდესაც საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ, შესაძლოა, ვერ დაამტკიცოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი. თუ საკრებულო 2022 წლის 1 აპრილამდე ვერ მიიღებს ბიუჯეტს, მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას.

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხელს უშლის ახალარჩეულ საკრებულოს, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

გუშინ, პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან საკრებულოს ახლად არჩეული წევრები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ძალის გამოყენებით გაიყვანა. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებასაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უმცირესობაში გადასული „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ცდილობს.

„პოლიცია იცავს „ქართული ოცნების“ ხელფასებს, მათ ჯიბეებს. შიმშილობას გავაგრძელებთ ჩვენი ფრაქციის ოთახში, მოსვენებას არ მივცემთ. ამათ ჰგონიათ ასე დასრულდება აყველაფერი, ლამაზად. 43 მილიონი ლარია ბიუჯეტი და 23 მილიონია ამათი ადმინისტრაციის, სიდედრების, სიმამრების, მეზობლების, აქტივისტების და იმ ადამიანების, ვინც არჩევნების ჩატარებაში ეხმარებოდნენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საკრებულოს ახლად არჩეულმა დეპუტატმა, მაია კალანდიამ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ ოპოზიციის ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა შესაბამისი განრიგით მიმდინარეობს.

2017 წლის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს დეპუტატებს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურებათ. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა – მხოლოდ 20 მანდატი მოიპოვა 45-დან. „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ 22 მანდატი აქვს, 3 კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. ეს ვადა 13 დეკემბერს იწურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]