weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ზეწოლა იყო და მოსყიდვას ცდილობდნენ – ენმ

13:21 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდა და გადაბირების მიზნით მის მოსყიდვას ცდილობდა. ამის შესახებ ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. როგორც გიორგი კირთაძე ამბობს, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვისი გადაბირებაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნება“ გადავიდა ოპოზიციაში – 19 წევრი გაიყვანა ოპოზიციამ, 16 – „ქართულმა ოცნებამ“. ამის შემდეგ მოხდა კობახიძისა და ღარიბაშვილის ვიზიტი ბათუმში, რომლებმაც დაგვიანონსეს, რომ არ აინტერესებთ, რა გადაწყვიტა ბათუმელმა ამომრჩეველმა, „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში აუცილებლად ექნებოდა უმრავლესობა, რაც პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ საკრებულოს წევრებზე იწყებოდა არნახული მასშტაბის ზეწოლა. მათ ეს შეძლეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებზე – 18/17-ზე მოახდინეს ბალანსი და უკვე სჭირდებოდათ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანის გადაყვანა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოში უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი.

ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

მისი თქმით, ნუგზარ ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით აწარმოებდნენ.

„ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი – ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. რევოლუციის შემდეგ ორივე მათგანს მოუწია აჭარიდან წასვლა და მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდნენ ჩვენს ქალაქში. მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან. ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი გაუსაძლისი გახდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა აუდიოჩანაწერები და მომაწოდა“, – თქვა კირთაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, საიდანაც, როგორც გიორგი კირთაძე ამბობს, ჩანს, რომ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ნუგზარ ფუტკარაძეს 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. კირთაძის თქმით, თაბაგიძე ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ძმაა და ფუტკარაძესთან მისი სახელითაც იყვნენ მისულები.

„ამ ქვეყანაში ინსტიტუციები რომ მუშაობდეს, დარწმუნებული ვარ, ბატონი ნუგზარი დღეს ჩვენს გვერდით იქნებოდა. ის გარდაიცვალა სისხლში შაქრის აწევით, რასაც ნერვიულობა იწვევს და როგორ ნერვიულობდა ამ ყველაფერზე, ჩვენ კარგად ვხედავდით“, – აღნიშნა კირთაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს და რეაგირებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართავს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგამდე განაცხადა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ აუდიოჩანაწერში მისი ოჯახის რომელიმე წევრი არ ფიგურირებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ბოდიშის მოხდას მოსთხოვს.

„ამ ადამიანის [ნუგზარ ფუტკარაძის] ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს იმას, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ თანამებრძოლები. რაც შეეხება დაანონსებულ ჩანაწერებს, მათ შინაარსზე კომენტარს ავერ გავაკეთებ, თუმცა, მერწმუნეთ, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“, – განაცხადა რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]