weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის მიღებას სასამართლოში გავასაჩივრებთ – ბეჟაშვილი

15:25 შაბათი, 27 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ე.წ. ვადაგასული საკრებულოების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და ხელისუფლების მიტაცებას წარმოადგენს.

ოპოზიცია „ვადაგასულ საკრებულოებად“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 4 წლის ვადით არჩეულ საკრებულოებს მოიხსენიებს.

„იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა. სახეზე გვაქვს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეთანხმებული მოქმედება.

ამ პროცესში ცესკომ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმართულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ შეჯამებული იყო 13 ნოემბერს და შესაძლებელი იყო, აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი და მათ განეხორციელებინათ საბიუჯეტო უფლებამოსილება.

ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეცხრე თავით განსაზვრული თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობითობისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოსი, განსაზღვროს შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში საბიუჯეტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც პარლამენტის მიერ ჯერ არ არის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტების ფინანსების ძირითადი წყაროა, ხელისუფლების მოქმედება, რომ „ვადაგასულ საკრებულოებს“ დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, სწორედ ხელისუფლების მიტაცებაა.

ბეჟაშვილის განცხადებით, არგუმენტი, რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, არარელევანტურია.

„ეს არის ძალაუფლების მიტაცება, ყველაზე მძიმე დანაშაული და ბუნებრივია, ცესკოსთან ერთად „ქართულ ოცნებასაც“, როგორც პოლიტიკურ ძალს, ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა. ამიტომ, ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს აუცილებლად წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენ ოპოზიციონერ საპარალამენტო კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელვყოთ თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცესკომ საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის და შესაბამისად, ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის პროცესი გააჭიანურა, რამაც რამდენიმე მუნიციპალიტეტში 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოების შემადგენლობას საშუალება მისცა, 2022 წლის ბიუჯეტი დაჩქარებულად განეხილათ და დაემტკიცებინათ. ცესკოს პირველი სხდომების მოწვევა 13 ნოემბრის შემდეგ შეეძლო, ანუ მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები შეაჯამა.

ბოლო კვირაში, საკრებულოების ძველმა შემადგენლობებმა 2022 წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გურჯაანში, ქარელში, მარტვილში, სენაკსა და ჩხოროწყუში.

ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც 2021 წლის არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტები პოლიციის მობილიზაციისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღეს.

 

ამ თემაზე:

ბიუჯეტების დამტკიცება განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო – სუბარი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]