weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არ მოგენატრათ აღმშენებლობა და გამარჯვების ზეიმი? – მიხეილ სააკაშვილი

14:10 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საზოგადოებას მიმართა.

„მინდა, პირველ რიგში მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას. მინდა დაგისვათ კითხვა – რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული.

ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა, გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო, გამარჯვების ზეიმი? თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ, ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ედება. ეს გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააპატიმრეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, ის ბრალდებულია 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად, დაკავების დღიდან შიმშილობდა. მან შიმშილობა 19 ნომებრის შემდეგ შეწყვიტა, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს საკუთარ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]