weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

15:03 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017 hits 1806

უკრაინამ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ექსტრადირებაზე მოთხოვნა მიიღო. ამის შესახებ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სერგეი პეტუხოვმა განაცხადა.

„უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში“, - ციტირებს სააგენტო „ინტერფაქსი“ პეტუხოვის განცხადებას.

სერგეი პეტუხოვის განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, რომ სააკაშვილი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ დანაშაულზე, რომელიც ექსტრადირების მოთხოვნაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე უკრაინის თანხმობის გარეშე ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის და მასთან მიმართებაში დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები.

საქართველოს პროკურატურის განმარტებით, უკრაინულ მხარეს სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით 1-ელ სექტემბერს მიმართეს. სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:

  1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);
  2. 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. „7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე);
  3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე);
  4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ივლისის ბოლოს ჩამოართვეს, უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]