weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2022

ვინ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ კახეთის 8 მუნიციპალიტეტში

23:07 შაბათი, 04 დეკემბერი 2021
ფოტოზე - ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია ფოტოზე - ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია

3 დეკემბერს სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, დედოფლისწყაროსა და ყვარლის 2021 წლის მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს. შვიდ მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 36-წევრიანი საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ მიერ წრდგენილი დავით ჯანიკაშვილი აირჩიეს. ჯანიკაშვილი 2014-2017 წლებში სიღნაღის გამგებელი იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს ილია ბაიდოშვილი და გია პავლიაშვილი დაიკავებენ. 

სიღნაღის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 26 დეპუტატით არის წარმოდგენილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 9, ხოლო „გახარია - საქართველოსთვის“ – 1 დეპუტატით. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი ალექსი გილაშვილი აირჩიეს, რომელიც 2018-2021 წლებში საგარეჯოს მერის პირველი მოადგილე იყო. მას სამი მოადგილე ეყოლება: პირველ მოადგილედ ლელა მარიდაშვილია არჩეული, მეორე და მესამე მოადგილეებად კი ვეფხია ჩერქეზიშვილი და ალექსი იოსელიანი. 

საგარეჯოს საკრებულოს 39 წევრიდან 29 „ქართული ოცნების“ წარმოამადგენელია, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 9 წევრი ჰყავს, ხოლო პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ – 1 წევრი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია მეორედ გახდა. ის ამ თანამდებობას 2017-2021 წლებშიც იკავებდა, ხოლო 2014-2017 წლებში ლაგოდეხის გამგებელი იყო. ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარესაც სამი მოადგილე ეყოლება და სამივე მათგანი „ქართული ოცნების“ წევრია. პირველ მოადგილედ ივანე ხაჩიძე იქნა არჩეული, მეორე და მესამე მოადგილეებად კი გიორგი ღამბაშიძე და სიმონი კვერნაძე. 

ლაგოდეხის 30-წევრიან საკრებულოში 18 წევრი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 9 – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 1 – „გახარია - საქართველოსთვის“ და 2 – „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს“. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მესამე ვადით ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს. ის 2014 წლიდან გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარეა. თავმჯდომარის სამი მოადგილის თანამდებობები „ქართული ოცნების“ წევრებს – ლევან ხაზიურს (პირველი მოადგილე), ელგუჯა ქათამაძესა და ნანა რამაზაშვილს შორის გადანაწილდა.

გურჯაანის 29 წევრიან საკრებულოში 28 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, 9 – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თითო-თითო კი „ევროპულ საქართველოს“ და „გახარია - საქართველოსთვის“.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თელავის ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი აირჩიეს. მისი პირველი მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი გახდა, ხოლო მოადგილეების თანამდებობები მიხეილ დაღუნდარიძემ და ალექსანდრე შათირიშვილმა დაიკავეს. 

თელავის ახალი მოწვევის საკრებულო 39 წევრისგან შედგება, საიდანაც 22 „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 16 მანდატი აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 1 კი „გახარია - საქართველოსთვის“ ეკუთვნის.

2017-2021 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. მის პირველ მოადგილედ დავით ავაზაშვილი აირჩიეს, მოადგილეებად კი გიორგი ქიბროწაშვილი და გელა ონიაშვილი.

ახმეტის საკრებულოს 30 მანდატიდან 18 „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, 11 წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 1 კი პარტიიდან „გახარია - საქართველოსთვის“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა მესამე ვადით ნუგზარ პაპიაშვილმა დაიკავა. ის 2014 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარეა. პაპიაშვილის პირველ მოადგილედ გოჩა სამუკაშვილი, ხოლო მოადგილეებად გივი გიგაური და დავით ალუღიშვილი აირჩიეს. 

დედოფლისწყაროს ახალი მოწვევის საკრებულოში 30 წევრია. აქედან, „ქართულ ოცნებას“ 24 წარმომადგენელი ჰყავს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 5, ხოლო „სახალხო პარტიას“ – 1.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ყვარლის ყოფილი გამგებელი ილია მზექალაშვილი აირჩიეს, მის მოადგილეებად კი ოთარ ბუჯიაშვილი (პირველი მოადგილე), კახა ასისტიშვილი და თამილა ბურკიაშვილი.

ყვარლის საკრებულოში სულ 27 დეპუტატია, საიდანაც 19 „ქართული ოცნების“ წევრია, 7 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 1 პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“ წარმოადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]