weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რამიზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს

15:28 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი პაატა ყულიაშვილი, მის პირველ მოადგილედ კი რამიზ რამაზანოვი აირჩიეს. რამაზანოვმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. თავმჯდომარის ასარჩევად მისი ხმა გადამწყვეტი იყო. 

„მე და ბატონი რამიზ რამაზანოვი წლების განმავლობაში კოლეგები ვიყავით, ვიცი, ამ ადამიანის შესაძლებლობები და ვიცი, რომ ის შეძლებს ამ პოზიციაზე მუშაობას. ჩვენ ეს თანამდებობა გათვალისწინებული გვქონდა ოპოზიციის კვოტით, ასე ვთქვათ“, – განაცხადა ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა. 

რამიზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა. 30-წევრიან საკრებულოში 15 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, 15 კი ოპოზიციამ, მათ შორის 13 – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ერთი – კახა ოქრიაშვილის პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ და ერთიც ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ერთი კვირის წინ, 3 დეკემბერს, საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, რადგან 15-ვე ოპოზიციონერმა წევრმა, მათ შორის რამაზანოვმა, ბოიკოტი გამოაცხადა და სხდომაზე არ მივიდა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რამიზ რამაზანოვზე ზეწოლა ხორციელდებოდა და საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისვლას აიძულებდნენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში თანაპარტიელები რამაზანოვთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ და როგორც ამბობდნენ, მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. დღეს რამიზ რამაზანოვმა თქვა, რომ ახლობელთან იმყოფებოდა, საკრებულოს სხდომაზე მისვლის გადაწყვეტილება კი დამოუკიდებლად მიიღო და მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. 

„ზეწოლა არ იყო. უბრალოდ, დმანისში პოლიტიკურ ჩიხში ვიყავით. აქედან გამოსავალი ხომ უნდა იყოს? გადავწყვიტე, რომ ასეა საჭირო“, – თქვა რამაზანოვმა. 

რამიზ რამაზანოვი ოროზმანის თემის მაჟორიტარი დეპუტატია. ამავე თემს ის 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოშიც წარმოადგენდა და მაშინ, „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]