weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სიტყვა „შერიგება“ მეც მაინცდამაინც არ მომწონს, უფრო „თანხმობას“ ვიტყოდი – მელია

14:01 ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სიტყვა „შერიგება“ მაინცდამაინც არ მოსწონს. მისი თქმით, საუბარია სამოქალაქო თანხმობაზე, რაც კარგად ჟღერს, თუმცა შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან.

„მე წინააღმდეგი კი არ ვარ საუბრის. რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ, რაც არ უნდა მტრულად იყოს განწყობილი ჩემს მიმართ მოწინააღმდეგე. უნდა ვისაუბროთ, მაგრამ არა ისე, რომ ტყვედ ჰყავდეს ადამიანი აყვანილი და ამ პირობებში ვესაუბროთ.

სიტყვა „შერიგება“ მეც მაინცდამაინც არ მომწონს. მე უფრო „თანხმობას“ ვიტყოდი. სამოქალაქო თანხმობა მნიშვნელოვანია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ერთმანეთი შეგვიყვარდეს. 

ბოლო დღეებში მოგვისმენია, „ვინ ვის უნდა შეურიგდეს, ხალხო, ან რატომ უნდა შევურიგდეთ?!“. აქ შერიგებაზე ხომ არაა საუბარი, ვინმეს ვინმე კი არ უნდა უყვარდეს და ხელჩაკიდებულებმა კი არ უნდა იარონ რუსთაველის გამზირზე აუცილებლად, აქ საუბარია, რომ ძირეულ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ამას ყველაფერს ჰქვია კონსტიტუცია. როდესაც სახელმწიფო იმართება სამართლებრივად და სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობენ და ვთანხმდებით მოქმედების წესებზე, ბევრი პრობლემა უმალვე წესრიგდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაპატიმრების შემდეგ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება ეროვნული შერიგებისა და ერთმანეთისთვის მიტევების შესახებ. 6 დეკემბერს მან ხელისუფლებას მოუწოდა, „გონს მოეგოს, სანამ გვიანი არაა“ და ეროვნულ შერიგებაზე დათანხმდეს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია. 

10 დეკემბერს კი მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, „რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას და წინ წავიდეთ“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შერიგებაზე საუბრის დასაწყებად წინაპირობებს აყენებს. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აღიაროს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულები და თქვას, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს პოლიტიკში დარჩენის უფლება აღარ აქვთ.

„ვიდრე ამ დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. პრეზიდენტს აქვს უფლება, მაქსიმალურად ეცადოს გააუმჯობესოს პოლიკური მოცემულობა, მაგრამ პერსპექტივასთან დაკავშირებით მაქვს საკმაოდ მძიმე წარმოდგენა სწორედ იმის გამო, რომ ვიცნობ ამ ადამიანების ბუნებას. „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მის დასუსტებაშია პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების საფუძველი“, – ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]