weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეთა არჩევა მესამედ ჩავარდა

17:14 პარასკევი, 17 დეკემბერი 2021
ფოტოზე - სენაკის საკრებულოს წევრები ფოტოზე - სენაკის საკრებულოს წევრები

ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტების ახალარჩეულ საკრებულოებში თავმჯდომარე მესამედ ვერ აირჩიეს. სხდომა კიდევ ერთი კვირით გადაიდო.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს. პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიგა ფარულავა დაასახელა და ენმ-ს სხდომათა დარბაზში დაბრუნებისკენ მოუწოდა. „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა არ დააყენა და კენჭისყრაში მონაწილეობაზეც უარი თქვა. იქიდან გამომდინარე, რომ დარბაზში არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებოდნენ, კვორუმი არ შედგა. სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე განახლდება.

„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატურა. „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ ჯერზე აბსურდული მიზეზით ტოვებს სხდომას. შესაბამისად, მათ ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა. ორი პარტია წარმოადგენს უმრავლესობას, თუ აქვთ რესურსი, შეუძლიათ მორიგდნენ და შეთანხმებულად მოხდეს საკრებულოს დაკომპლექტება. ვინაიდან ვერ თანხმდებიან, ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს – ჩვენს კანდიდატურას და შემდეგ მუნიციპალტეტის მმართველობას დაბალანსებულად “, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ზუგდიდის საკრებულოს 45 მანდატიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22 მანდატი მოიპოვა, 20 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3 – „გახარია - საქართველოსთვის“.

წალენჯიხის საკრებულოში სხდომის გადადება „ქართულმა ოცნებამ“ მოითხოვა. როგორც პარტიის წარმომადგენელმა თქვა, პოლიტიკური თანამდებობების განაწილების თაობაზე კონსულტაციები დასრულებული არ არის. 

„ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც პრეზიდენტს აწამებს. რაზე ვერ შეთანხმდით თქვენ და გახარიას პარტია? დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში და არ დაასახელებს კანდიდატურას, ვუთმობთ ოპოზიციურ პარტიას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ავთანდილ გაბელიამ. 

წალენჯიხის 27-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ 11-11 მანდატი აქვთ, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ – 3, ხოლო 1-1 – „ლელოს“ და დამოუკიდებელ კანდიდატს.

წალენჯიხის საკრებულოში სხდომა ხუთშაბათს, 23 დეკემბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დღევანდელ სხდომაზეც არ დაუსახელებიათ. როგორც „რეგინფოს“ საკრებულოს აპარატში განუცხადეს, პარტიები ამ საკითხზე კონსენსუსამდე ვერ მიდიან და სხდომის ერთი კვირით, 24 დეკემბრამდე გადადება მოითხოვეს.

სენაკის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში სულ 33 წევრია. მათგან 16 „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა, 13 – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 4 კი პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“ წარმოადგენს. 

გუშინ საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ჩხოროწყუს ოპოზიციურ საკრებულოში აირჩიეს. 

 

ამ თემაზე:

„საკრებულოს გადაწყვეტილებები ღია კენჭისყრით უნდა მიიღებოდეს“ | გახარიას პარტიის ინიციატივა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]