weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს

14:37 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. საკრებულოს 27 წევრიდან მას მხარი 14-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა. ერთი ხმა ბათილად იქნა ცნობილი.

დღევანდელ სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაუყენებია და დამატებითი კონსულტაციების მიზნით სხდომის გადადებას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია სხდომის გადადებას არ დათანხმდა, „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

„გვქონდა ინფორმაცია, რომ „გახარია - საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთმანეთს შეერწყმებოდნენ, რაც დადასტურდა კენჭისყრითაც. ჩვენი კანდიდატურა იმიტომ არ დავაყენეთ და ვითხოვდით სხდომის გადადებას, რომ კიდევ ერთხელ გვქონდა სურვილი რაღაც დონეზე მაინც შემდგარიყო კომუნიკაცია, ჩხოროწყუს ინტერესებიდან გამომდინარე, პარტიასთან „გახარია - საქართველოსთვის“ გუნდის წევრებთან. მათი მხრიდან უარყოფილი იყო ეს კომუნიკაცია. ფაქტი სახეზეა, დღეს ჩხოროწყუში შედგა ამ ორი პარტიის პოლიტიკური ქორწილი. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ იქნება ბოიკოტის რეჟიმში და მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული ყველა სხდომასა და კომისიების მუშაობაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ჯანო პერტაიამ.

ამ დროისთვის ჩხოროწყუ ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. 

„მე მჯერა, რომ შეთანხმებული ნაბიჯებით და ჯანსაღი აზრისადმი პატივისცემით, შევძლებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის სასიკეთოდ.

სისტემურ ალიანსს არცერთ პარტიასთან არ ვქმნით. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი პოლიტიკური გზა და იდეოლოგია. არავის აქვს არც მიზეზი და არც უფლება, წამოგვაძახოს, რომ შერწყმაში ვართ ერთმანეთთან.

დღევანდელი დღე და დაფიქსირებული შედეგი დამყარებულია მათ კეთილ ნებაზე. მინდა, ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ჩხოროწყუელების უმრავლესობის ნათელ არჩევანს ზურგი არ აქცია“, – განაცხადა შოთა წურწუმიამ. 

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და კომისიების თავმჯდომარეების პოზიციები. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩხოროწყუს საკრებულოში 12 წევრის შეყვანა შეძლო, ხოლო ოპოზიციამ, ჯამურად, 15-ის. აქედან, 7-7 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ მოიპოვეს, ხოლო ერთი მანდატი „ლელოს“ აქვს. 

„ქართულმა ოცნებამ“ 9 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ყოფილი პარლამენტარი ჯუმბერ იზორია დაასახელა, თუმცა მისი არჩევისთვის საჭირო სულ მცირე 14 ხმის მოგროვება ვერ შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]