weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აშშ-ის ელჩი პარლამენტს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი შეაჩეროს 

19:42 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყება შეიქმნება.

კელი დეგნანის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების პროცესი შემაშფოთებელი და უცნაურია, რადგან ის წარიმართა ნაჩქარევად, გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე. 

„სახელმწიფო ინსპექტორი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაში. მის მოვალეობებში შედის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიება და საჯარო სამსახურების დავალებულება მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულნი იყვნენ. ეს ძალიან რთული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი საქმეა და ზოგჯერ ადამიანებს არ მოსწონთ გამოძიების შედეგები. 

შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ორ ნაწილად გაყოფს. ამ კანონის შემუშავების პროცესი მართლაც ძალიან შემაშფოთებელია. ეს გაკეთდა ნაჩქარევად, სახელმწიფო ინსპექტორთან კონსულტაციის, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გარეშე. 

რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, არ იყო ამის ასე ნაჩქარევად გაკეთების საჭიროება. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა შემდგომი გაუმჯობესებისთვის. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა განმარტა, მისმა უწყებამ სულ რამდენიმე დღის წინ წარადგინა საკუთარი საკანონმდებლოო წინადადება სამსახურის მუშაობის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ.

ყველაზე შემაშფოთებელი და ყველაზე რთულად ასახსნელია ის, რომ კანონპროექტი მოიცავს დებულებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამჟამად დასაქმებული ყველა თანამშრომლი გათავისუფლდება. ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე წელია თავის საქმეს აკეთებენ პარლამენტის მხრიდან ყოველგვარი პრეტენზიებისა და კითხვების გარეშე. 

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშების მიმართ პარლამენტის მხრიდან არ ყოფილა არც კითხვები, არც საჩივრები. ასე რომ, გასაგებად ძალიან რთულია, რატომ არის აუცილებელი პრეცედენტის შექმნა და პრინციპში, ამ სამსახურის ყველა კვალიფიციური თანამშრომელის გათავისუფლება მარტისთვის.

ეს არის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ სამსახურში არსებული ნიჭის, გამოცდილების და შესაძლებლობების რეალური დაკარგვა.

კიდევ ერთხელ რომ ვთქვა, ეს არის უცნაური პროცესი – კანონმდებლობის ნაჩქარევად მიღების პროცესი, როდესაც არ არის საჭირო მისი დაჩქარება, კონსულტაცის არ არსებობა თვით სახელმწიფო ინსპექტორთან და მის თანამშრომლებთანაც კი და ამ კანონმდებლობაში შეტანილი რამდენიმე ძალიან შემაშფოთებელი დებულება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს დაწყებული პროცესი და საკანონმდბლო ცვლილებები ამ კვირაში არ განიხილოს.

„გამართეთ სათანადო, ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და შეიმუშავეთ მიდგომა, რომელიც ნამდვილად გააუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია, ჩვენი მტკიცე მოთხოვნა პარლამენტისადმი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

სადავო კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ წევრები რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი არიან. დღეს, პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილბებს პარლამენტი 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით განიხილავს და მიიღებს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება ლონდა თოლორაიას, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია. გარდა ამისა, გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის გარეშე დარჩება.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ დამოუკიდებელი სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი კონსპირაციულად შეიმუშავა და მისი ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს, ასევე მის დეკრეტში ყოფნას დაამთხვია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]