weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

15:23 ოთხშაბათი, 29 დეკემბერი 2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი ერთმა დეპუტატმა მისცა.

„მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამით ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი.

ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომას არ ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ხოლო დარბაზში მყოფი ოპიზიციის ნაწილმა მათ შორის, „ლელოს“ ფრაქციის წევრებმა შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დეპუტატ დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის და მასთან ერთად სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა თავმჯდომარის სკამში „მხოლოდ ვინმე გავრილოვის ჩაჯდომით თუ შემთხვევით მოხვედრით არ ხდება“.

„იგივე ზიანი ადგება ამ ინსტიტუტს და შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოს ამ სკამიდან სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით. სამწუხაროდ, ამ პარლამენტში, სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში მეორედ გავხდით მოწმე იმ სავარძელიდან იმ ადამიანის არასწორი ადგომის, რომელსაც პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგის განხორციელება კი არ ევალება აქ, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს თანამეთაურობა, მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლობა ევალება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ შალვა პაპუაშვილი მას შემდეგ წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად, რაც მუშაობის 8 თვის თავზე კახა კუჭავა გადადგა და საკანონმდებლო ორგანოც დატოვა. მანამდე პაპუაშვილი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, პარტიაში კი ის პოლიტსაბჭოს წევრია და საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის პოსტი უკავია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]