weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გთავაზობთ, დავუბრუნდეთ „შავი სიის“ იდეას – სააკაშვილი

21:12 ოთხშაბათი, 05 იანვარი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს და „შავი სიის“ შედგენის იდეას სთავაზობს. როგორც სააკაშვილი ამბობს, ე.წ. შავ სიაში მოსამართლეები და პროკურორებიც უნდა შეიყვანონ.

„ის მასშტაბი უკანონობის, რომელიც ახლა ხდება, განპირობებულია ძირითადად დაუსჯელობის სინდრომით. მე გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა „შავი სიის“ იდეას. ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინ მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა შეიყვანონ ამ სიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, რომელიც მათი დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევს, მტკიცებულებებს მოაგროვებს და ამის შემდეგ ჩვენ ეს საჯაროდ უნდა გამოვაქვეყნოთ, ასევე, უნდა მივმართოთ, დასავლეთის საელჩოებს, არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები.

ამ ხალხის: მოსამართლეების, პროკურორების, თანამდებობის პირების, ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას ჩადის, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის დამაქცევლებსა და თითოეული ქართველის კეთილდღეობის მტერზე.

ჟურნალისტებს უკვე საკმარისი მასალები აქვთ შეგროვებული. მაგალითად, იმაზე, როგორ აუხსნელად გამდიდრდნენ ჩემი საქმეების პროკურორები. დადგა დრო, რომ ისინი კი არ გვადანაშაულებდნენ, არამედ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, შევხედოთ მათ თვალებში. შევადგინოთ სპეციალური საიტი და დავწეროთ მათი საბრალდებო დასკვნა“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში 30 დეკემბერს, გვიან ღამით დააბრუნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]