weather cur horoscope tv
აგვისტო 20, 2022

„მიშას სექტორი“ თბილისში „დაუმორჩილებლობის ჯგუფების“ შექმნას აანონსებს

17:18 შაბათი, 08 იანვარი 2022

საინიციატივო ჯგუფი „მიშას სექტორი“ თბილისში „დაუმორჩილებლობის ჯგუფების“ შექმნას აანონსებს. ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე განაცხადეს.

„მიშას სექტორის“ წარმომადგენლის, ლევან მერებაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარი და პუტინის ტყვეა. 

„ჩვენ ვართ გაერთიანება „მიშას სექტორი“, ვიბრძოლებთ ბოლომდე და რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. ჩვენ დღეს ვაანონსებთ პატრიოტი ადამიანების გაერთიანებას მთელი საქართველოს მასშტაბით. მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს! 

ვთავაზობთ ფართო გაერთიანებას იმ ადამიანებს, ვისაც, ყველა კანონიერი ქმედების ფარგლებში, რეჟიმის დამხობის სურვილი აქვს. რეგიონებში აუცილებლად დავიწყებთ მოძრაობას თანამოაზრეებთან ერთად, რომელიც გაიშლება ქვეყნის მასშტაბით. უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაუმორჩილებლობის ჯგუფები შეიქმნება.

ეს იქნება მრავალი ჯგუფი და საზოგადოებაც იხილავს, რამდენად ვართ ამისთვის მზად. გეუბნებით ყველას და მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ლევან მერებაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში 30 დეკემბერს, გვიან ღამით დააბრუნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]