weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფოში ექიმებს რუსეთიდან ჩაიყვანენ

15:15 შაბათი, 29 იანვარი 2022
ფოტოზე - სოსლან ნანიევი ფოტოზე - სოსლან ნანიევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი სოსლან ნანიევი ოკუპრებული ახალგორის [ლენინგორი] რაიონში იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნანიევი საზოგადოების წარმომადგენლებსა და რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. 

„რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემაში, მათ შორის, რაიონულ განყოფილებებში, მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია, კონკრეტულად ლენინგორში კი თავისი სპეციფიკაა. რაიონული სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია“, – წერს ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თებერვალში, ახალგორის საავადმყოფოში სამუშაოდ ქირურგი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ჩავლენ. „რესის“ თანახმად, ასეთი სპეციალისტების ყოფნა აუცილებელია გადაუდებელი ოპერაციების ჩასატარებლად, როდესაც პაციენტის ტრანსპორტირება შეუძლებელია როგორც „რესპუბლიის“ მედცენტრში, ისე „საზღვარგარეთ“.

„რუსეთიდან ჩამოდიან სპეციალისტები, იცხოვრებენ და იმუშავებენ ლენინგორში. რაიონული საავადმყოფო ასევე მიიღებს აპარატურას ლაპროსკოპიული ოპერაციებისთვის“, – განაცხადა ნანიევმა.

ადგილობრივებმა პედატრის არარსებობის საკითხიც წამოჭრეს. „რესის“ ინფორმაციით, მათ თქვეს, რომ მოუხერხებელია პატარა ბავშვების, განსაკუთრებით ჩვილების ტარება გრძელ გზაზე, ე.წ. რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში. ნანიევი მათ ამ საკითხის მოგვარებასაც დაჰპირდა. როგორც მან განაცხადა, ადგილობრივი საავადმყოფოში რენტგენის განყოფილება მალე ამუშავდება.

როგორც „რესი“ წერს, შეხვედრაზე მყოფ ახალგორის თითქმის ყველა მცხოვრებს ერთი პრობლემა აღელვებდათ - გადაუდებელი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარების საჭიროებისას სამხრეთ ოსეთის გარეთ ტრანსპორტირების შესაძლებლობა. „რესის“ ცნობით, ასეთი დახმარების აღმოჩენა ყოველთვის არ არის შესაძლებელი რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში, ხოლო მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელია, პაციენტმა შესაძლოა გრძელ გზას ვერ გაუძლოს. „რესის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტების გადმოყვანაზე. 

„რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გამგზავრებაზე უარს არ გვეუბნებიან, მაგრამ ნებართვის აღების პროცედურას დიდი დრო სჭირდება და ბევრი ბიუროკრატიული დაბრკოლებაა, ზოგჯერ კი ყოველი საათი შეიძლება გადამწყვეტი იყოს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად“, – ციტირებს „რესი“ ერთ-ერთი ადგილობრივის კომენტარს. 

სოსლან ნანიევმა პირობა დადო, რომ „მარშრუტიზაციის მექანიზმის გამარტივების საკითხს დაამუშავებს“.

„ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა პრიორიტეტია. მძიმე, გადაუდებელ, თუნდაც ზომიერი, მაგრამ გაუარესების დინამიკის მქონე შემთხვევებში, როდესაც გაცნობიერებულია გრძელის გზის საფრთხეები, გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება ადგილობრივი ექიმებისა და ადმინისტრაციის დონეზე, სამინისტროსთან სატელეფონო კონსულტაციით“, – განაცხადა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა.

„რესის“ ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგორის მცხოვრებლებმა ნანიევს რუსეთის სამედიცინო ცენტრებში სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]