weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს 

15:09 ორშაბათი, 31 იანვარი 2022

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოთხი წლის ვადით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს. მან 18 ოპოზიციური ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ არც საკუთარი კანდიდატი დააყენა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. 

„ამ ქალაქში 30 ათასმა ამომრჩეველმა, ამ ქალაქის მცხოვრებმა ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიას. საკრებულო არის ოპოზიციური და შესაბამისად, თავმჯდომარე არჩეული იქნა ოპოზიციური პარტიიდან“, – განაცხადა ნოდარ შეროზიამ, რომელიც 2014-2017 წლებში რუსთავის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებიც აირჩიეს. შეროზიას პირველი მოადგილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ალექსანდრე ბერიძე იქნება, ხოლო მოადგილე – „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა ჯაიანი. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, არც თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობისთვის ებრძოლა. 

„დღეს ვნახეთ ის, რისი მოლოდინიც გვქონდა. რაც ჩხოროწყუში და წალენჯიხაში მოხდა, გაგრძელდა რუსთავშიც. ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტიის წარმომადგენლები გარიგდებოდნენ, რა თქმა უნდა, გვქონდა და ფაქტის წინაშეც დავდექით. მათ აჩვენეს, რომ, ფაქტობრივად, ერთი და იგივე პლატფორმაზე არიან. ყველანაირად ვეცდებით, რომ არცერთი პროექტი, არცერთ პროგრამა, რომელიც რუსთავში ხორციელდება, რისი დაპირებაც ჩვენ ამომრჩეველს მივეცით, არ შეფერხდეს და არ გაჩერდეს“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, მარი ლიპარტელიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერის არჩევას გამოეხმაურა რუსთავის მერიც. ნინო ლაცაბიძის თქმით, მისთვის, როგორც მერისთვის, პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა რუსთავის ინტერესები დგას.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით რუსთავის 35-წევრიან საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: 16 მანდატი – „ქართული ოცნება“, 16 მანდატი – „ნაციონალური მოძრაობ“, 3 მანდატი – „გახარია - საქართველოსთვის“.

მე-7 მოწვევის საკრებულომ ერთადერთი სხდომა 3 დეკემბერს გამართა, თუმცა თავმჯდომარე ვერ აირჩია. მას შემდეგ საკრებულო ფაქტობრივად პარალიზებული იყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]