weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა

21:55 ოთხშაბათი, 02 თებერვალი 2022

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, რომელიც 2 აპრილს გაიმართება, საკუთარი კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭს ირაკლი შატაკიშვილი იყრის, გონიო-კვარიათის ოლქში კი რამაზ ჯინჭარაძე.

„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ.

ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი შატაკიშვილი ძვირფასი ლითონების მომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიის, „რიჩ მეტალს გრუპის“ (RMG) კორპორაციული დირექტორის მოადგილეა. 2020 და 2021 წლებში, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მას „ქართული ოცნებისთვის“, ჯამში, 40 ათასი ლარი აქვს შეწირული. გარდა ამისა, ირაკლი შატაკიშვილმა 2018 წელს, 10 ათასი ლარით პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დააფინანსა.

რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.

პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი დატოვა და რუსთავის მერად იქნა არჩეული. რაც შეეხება ბათუმს, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე არჩევიდან მოკლე დროში გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]