weather cur horoscope tv
მაისი 22, 2024

შენგელია: არ დაუშვათ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა

11:40 ორშაბათი, 07 თებერვალი 2022

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელის არჩევა არ დაუშვს. შენგელია დედის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას გახარიას აკისრებს. 

ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

„მივმართავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს (არავის მოვნიშნავ, რადგან ამ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები თითქმის ყველა პირი მეგობრებში მყავს), არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევა! ჩემთვის ეს იქნება ყველანაირი წითელი ხაზი ამ პარტიასთან და სამწუხაროდ, ბევრ ჩემ მეგობართან ვინც ამ პარტიაშია. 

იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. 

ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და არა, ასეთი სიბინძურე პოლიტიკაში ნამდვილად არ მოსულა! ცალკე ამბავია ის, რომ ჩემი აზრით არც ერთ ქალაქში ეს შეთანხმება გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს, რადგან ბოროტებასთან გარიგებას არასდროს არ მოუტანია სიკეთე. იმ ადამიანის პარტიის წევრს, რომლის კისერზე 20 ივნისი, იას გარდაცვალება, ანაკლიის დასამარება და კიდევ უამრავი მძიმე დანაშაულია, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ არაფერი ესაქმება“, წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში. 

მისივე თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა რეჟიმს შიგნიდან მოარყევს, რადგან მიაჩნია, რომ ნებისმიერ მნიშვნელოვან მომენტში საკრებულოს კვაზი-თავმჯდომარე ისევ „ქართული ოცნების“ სამსახურში ჩადგება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ დრომდე არ ჰყავს თავმჯდომარე, რადგან პარტიები ვერ თანხმდებიან. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45 მანდატიდან 22 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, 20 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3 – პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა, რასაც ბაჩანა შენგელია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. 2018 წლის 9-15 ნოემბერს, N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა, რა დროსაც, როგორც შენგელია აცხადებდა, ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. გარდა ამისა, ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, სკოლაში ინსპექტირების ბრძანება გახარიამ გასცა, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

„გიორგი გახარია დაუკავშირდა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა წინასაარჩევნოდ. დაავალა ინსპექტირება, რადგან ასეთი დირექტორი რეგიონში სამაგალითოდ უნდა დაესაჯათ“, – აცხადებდა ბაჩანა შენგელია.

2019 წლის 11 თებერვალს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით, 2019 წლის აგვისტოში გამოძიება შეწყვიტა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]