weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ომბუდსმენმა დაადგინა, რომ ზუგდიდში გახარიას მხარდამჭერი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

17:06 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022
ფოტოზე - გიორგი გახარია და კესარია წულაია ფოტოზე - გიორგი გახარია და კესარია წულაია

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის მხარდამჭერი კესარია წულაია ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. დისკრიმინაციული მოპყრობა სახალხო დამცველმა დაადგინა.

კესარია წულაია, რომელთანაც შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის 26 დეკემბრამდე იყო გაფორმებული, აცხადებდა, ივლისის თვეში, შვებულების პერიოდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა დაიბარა და უთხრა, რომ თუ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებდა, ხელმძღვანელობა მის სამსახურიდან გათავისუფლებას მოსთხოვდა. კესარია წულაიას თქმით, მოგვიანებით, 9 აგვისტოს, ააიპ-ის დირექტორს განუმარტა, რომ არ აპირებდა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადების დაწერას და არასამუშაო საათებში კვლავ გააგრძელებდა პარტიის მხარდაჭერით საქმიანობას. წულაია სამსახურიდან 23 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

სახალხო დამცველის განცხადებით, მოპასუხე მხარემ – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ – განმარტა, რომ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელს ხდიდა წულაიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. კესარია წულაია კი მიუთითებდა, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე მხოლოდ მასთან შეწყვიტა, მისი პოლიტიკურ პარტიაში „საქართველოსთვის“ აქტივობის გამო. 

„მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ განმცხადებელზე დაკისრებული ფუნქციების გაუქმება ნამდვილად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული, მაშინ როდესაც განმცხადებელს ხელშეკრულება სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გაუფორმდა. ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სექტემბრიდან – საგანმანათლებლო პერიოდის დაწყებიდან – მუშაობის აქტიურ ფაზაში უნდა ყოფილიყო“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ცნობით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს არ მიუთითებია, რატომ შეუწყდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ხელშეკრულება მხოლოდ კესარია წულაიას. 

„აგვისტოს თვეში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა კოვიდპანდემიის გამო არ შეწყვეტილა. ის ფაქტი, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დასაქმებული თანამშრომელთაგან, მხოლოდ განმცხადებელს შეუწყდა ვადაზე ადრე შრომის ხელშეკრულება, თავისთავად ადასტურებს არათანასწორი მოპყრობის ეჭვს“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი. 

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესს, აღმოფხვრას კესარია წულაიას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით და მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა, საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მათთვის ცნობილი გახდა 69 პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების, ან სამსახურებრივი შევიწროვების შემთხვევების შესახებ. ამ პირთა უმეტესობამ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას, მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათ შორის, ნაწილი აღნიშნულს სოციალურ ქსელებში პარტიის ლიდერის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების თუ კომენტარების განთავსება/გაზიარებას უკავშირებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]