weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გახარიამ ევროპარლამენტს მიმართა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე

14:21 სამშაბათი, 01 მარტი 2022

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს და კომიტეტის წევრებს წერილით მიმართა.

გიორგი გახარიას ევროპარლამენტს სთხოვს, ამ გარდამტეხ მომენტში გამოიყენოს შესაძლებლობა და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება მიანიჭოს. 

„მე დღეს მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და საქართველოს რიგითი მოქალაქე. ამ სიტყვების წერისას, მე განმსჭვალული ვარ უკრაინელი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ პატივისცემით. დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას და ღირსებას, არამედ ყველა ჩვენთაგანისას. ის იცავს წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს, სადაც თითოეულ ქვეყანას აქვს უფლებები, მათ შორის, უფლება პატივს სცემდნენ მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; უფლება თავად აირჩიოს ვისთან იყოს ალიანსში; უფლება იყოს თავისუფალი გარე ზეგავლენებისგან. უკრაინამ ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა, ვიმოქმედოთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად და დავდგეთ ერთად იმის დასაცავად, რაც გვჯერა, რომ არის ყველასთვის კარგი.

დღეს არის გარდამტეხი მომენტი და მოგმართავთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მოგვანიჭოთ უფლება ჩვენ - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს, წესებზე დაფუძნებული ერთობის ნაწილი; 

გაგვიხსნათ ევროპული პერსპექტივა და ბოლომდე მიიყვანოთ ევროპული დემოკრატიების გაერთიანების პროცესი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, მე ამ შემთხვევაში საქართველოზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩვენ ვიმსახურებთ შანსს გავხდეთ უკეთესები. ევროპარლამენტი ყოველთვის უჭერდა მხარს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. დღეს, მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კონკრეტული რეზოლუცია იქნება ძალიან დროული და მნიშვნელოვანი.

2008 წელს საქართველო დაისაჯა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის, დღეს ისჯება უკრაინა. 

2008 წლისგან განსხვავებით, დღეს მთელი მსოფლიო ერთად დადგა ბოროტების წინააღმდეგ. მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს მზარდია იმის გააზრება, რომ რუსეთი გამოწვევას უგზავნის ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებულ სრულიად უსაფრთხოების არქიტექტურას და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ყველას და არა მხოლოდ უშუალო მეზობლებს. უკრაინელი ხალხის თავგანწირვა არის ჩვენთვის ყველასთვის შთაგონების წყარო. ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ. ევროპისთვის ჭეშმარიტი გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიზაცია და ტრანსფორმაცია რუსეთის საზღვრებთან“, – ნათქვამია გახარიას წერილში.

გუშინ, უკრაინამ, რომლის ტერიტორიაზეც მეექვსე დღეა ომი მიმდინარეობს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. ამ განაცხადის წარდგენას საქართველო 2024 წლისთვის განიხილავდა. 

გუშინვე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს იხსენება ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მომავალი. ვიდრე ამ განცხადებას გააკეთებდა, ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულ მაკრონს შეხვდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]