weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შეიძლება გაღვივდეს რელიგიური შუღლი - „ალტ-ინფოს“ მუქარა და ულტიმატუმი მარნეულში

22:17 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

„ამოვედით მარნეულში, გასაფრთხილებლად, ჩვენ მუსლიმ ძმებსაც მინდა რომ მივაწვდინოთ ეს სიტყვები, მაგ ქალს (სამირა ბაირამოვა) გააგებინონ, ამით შეიძლება გაღვივდეს რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლი, რისი სურვილიც ძალიან დიდი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“,- პრორუსული ორგანიზაციის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ 30-მდე წევრი დღეს მარნეულში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეიკრიბა.

„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრების თქმით, ისინი ორ დღეს აძლევენ სამირა ბაირამოვას იმისთვის, რომ პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოს პარტიის რაიონული ოფისის გარე ფასადი, რომელიც გუშინ უკრაინის დროშის ფერებში გადაღება.

„ოფისზე მიახატა და შეურაცხყო ჩვენი ყველაზე მთავარი სიმბოლო ჯვარი და თითოეული ჩვენგანის ღირსება. „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი არის ჩვენი მეორე ოჯახი.

ამიტომ მინდა, ორდღიანი ვადა მივცე მაგ ქალს, ამ ოფისზე ბანერები და სტიკერები ისევ ისე გააკრან და დააბრუნონ პირვანდელ მდგომარეობაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ დღეში ამოვდივართ და აი, ამ საქათმეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საქათმეს ისეთ დღეში ჩავაგდებთ, რასაც დაიმსახურებენ.

ყველა გონს მოვიდეს. მე მინდა ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მივმართო, რომ კეთილგონიერება გამოიჩინონ და ასეთი ქალების საშუალებით, ცდილობენ და პროვოცირებას ახდენენ ევროპიდან და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები, რომ რამენაირად ჩვენს შორის ჩამოაგდოს ეთნიკური და რელიგიური შუღლი. მაგ ქალს გააგებინონ, რომ შეეშვას მაგ ბოროტმოქმედებას. ეს პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპიდან დაფინანსებული ენჯეოშნიკებით და მამათმავლებით დაკომპლექტებული პარტია, ესენი ჩვენ წინ ვერასდროს ვერ დაგვიდგებიან. ჩვენ ვართ ღირსეული საზოგადოების ნაწილი, ვინც ვიწყებთ სუფთა ქართულ მოძრაობას, ერთხელ და სამუდამოდ ეს თხუთმეტივე პარტია, ვინც მამათმავლების მემორანდუმზე მოაწერა ხელი, უნდა მოშორდნენ და გაუქმდნენ საერთოდ“, - განაცხადა „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრმა.

გუშინვე, სამირა ბაირამოვას „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიო ჩართოლანი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა: „შენ დედას მოვტ..ავ, რო გნახავ ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი შენი ურჯულო დედას შევ..ი“. სამირა ბაირამოვამ მუქარის ფაქტზე პოლიციას მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები გამოირჩევიან აგრესიითა და ძალადობით. სწორედ „ალტ-ინფო“ იყო თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი, რა დროსაც თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. დანაშაულის ორგანიზება 5 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო - „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხიდან მაყურებელს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. დაზარალებულთა ჩვენებების და ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურას „ალტ ინფოს“ არცერთი ხელმძღვანელი პირი არ დაუკავებია.

პოლიციამ გამოძიებაც კი არ დაიწყო 3 მარტს, მესტიაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც „კონსერვატიული მოძრაობის“ აქტივისტებმა სცემეს იმ ახალგაზრდებს, ვინც სვანეთში პრორუსული პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქარდავამ „ალტ-ინფოს“ ეთერში დღეს თქვა, რომ უკმაყოფილო ადამიანებს სხვაგანაც ზუსტად ისე მოხვდებათ ცხვირ-პირში, როგორც მესტიაში მოხვდათ.

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომლის ლიდერებიც ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, იანვრიდან საქართველოს რეგიონებში ოფისებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის. პარტიას უკვე 60-ზე მეტი ოფისი აქვს ქალაქების ცენტრებში, მაშინ, როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 40 ათასი ლარიც კი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]