weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

11:33 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. მან შეცვალა დავით ზალკალიანი, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ილია დარჩიაშვილს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება და ბრწყინვალე განათლება აქვს. პრემიერის თქმით, სჯერა, რომ დარჩიაშვილი წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

„მსურს მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. თქვენს გუნდში, თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციას 2021 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა. 2017-2021 წლებში ის პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, 2016-2017 წლებში კი საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად მუშაობდა. ილია დარჩიაშვილი 2015-2016 წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ამავე პერიოდში ეკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. 2014-2015 წლებში ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯერ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ კი აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

ილია დარჩიაშვილი 1981 წელს სიღნაღში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ასევე ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]