weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

„ლელო“ ითხოვს პარლამენტმა უკრაინაში ომის დანაშაულების თაობაზე რეზოლუცია მიიღოს

13:27 ხუთშაბათი, 07 აპრილი 2022
პარტია ლელოს ფოტო პარტია ლელოს ფოტო

პარტია „ლელოს“ წევრებმა საქართველოს პარლამენტს „უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე“ რეზოლუციის პროექტი წარუდგინეს. პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს უკრაინის ხელისუფლებასთან.

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტს არცერთი დოკუმენტი არ მიუღია უკრაინასთან დაკავშირებით.

„ამ დოკუმენტში ჩვენ კონკრეტულ დავალებას გავცემთ აღმასრულებელ ხელისუფლებზე, როგორც იმ ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს გამოცდილება რუსეთის მიერ ჩადელილი დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით, შევქმნათ აქტიური თანამშრომლობის ფორმატები უკრაინასთან და შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ გამოძიებული და დასჯილი იყოს რუსეთის დანაშაული უკრაინაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა პროექტის წარდგენამდე გამართულ ბრიფინგზე.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რეზოლუციის პრიოექტთან დაკავშირებით პოზიციას, მისი გაცნობის შემდეგ დააფიქსირებენ.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ ოპოზიციაში რეზოლუციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა იყოს.

„რუსეთი რომ აგრესორია, უკრაინას რომ თავს დაესხა და ომის დანაშაულები ჩაიდინა – ჩემთვის ეს ისედაც ცნობილია. ამას „ლელო“ იტყვის, თუ ვინმე სხვა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ჯერ უნდა დაგვარწმუნონ რეზოლუციების საჭიროებასა და აუცილებლობაში. წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ პარლამენტში რამდენი წევრიც არის, ყოველდღიურად იმდენმა რომ შემოიტანოს რეზოლუცია, შეიძლება შინაარსობრივად ყველას ვეთანხმებოდე, მაგრამ, მემგონი, ვალდებული არ ვარ, ყველას აქტივისტი ვიყო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ადასტურებს, რომ 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა უკრაინის სახელმწიფოზე.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისას უკრაინის მთელ რიგ წერტილებში, მათ შორის ბუჩასა და სხვა ქალაქებში, განახორციელეს სამხედრო აგრესია, რომლის შედეგი ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის უამრავი ბავშვის სიცოცხლის განადგურება, ათასობით საცხოვრებელი სახლის, სკოლების, საბავშვო ბაღების და სამოქალაქო ობიექტების დანგრევა და უკრაინის ოთხი მილიონი მოქალაქის ქვეყნიდან ლტოლვილის სტატუსით გადინებაა“, – ნათქვამია პროექტში.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებს, „რომლებიც აშკარად შეიცავენ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა, ასევე საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით ჩადენილ სხვა მძიმე დანაშაულთა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ნიშნებს“ და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართოს რუსეთის მიერ განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით.

გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, პლატფორმები და მექანიზმები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებისა და მეთაურების, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, უკრაინის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისა და ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.

„საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს, მჭიდრო თანამშრომლობის გაწევას უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება.

აღმასრულებელ ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმაროს უკრაინის ხელისუფლებას სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიებასა და გაეროს ადამიანების უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევაში, უკრაინის პოზიციების დასაცავად საჭირო მასალის შეგროვებაში, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ასევე ევროკავშირთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გზით. მხარი დაუჭიროს ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის შესაბამისი წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

აღმასრულებელ ხელისუფლებას ასევე ავალებს, მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]