weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ჩვენი ქვეყნის წინსვლა 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს – ღარიბაშვილი

11:02 შაბათი, 09 აპრილი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 9 აპრილი ტრაგიკული თარიღია, თუმცა, ამავდროულად, ეს ქართველთა ერთობის გამარჯვების დღეა.

ღარიბაშვილის თქმით, ზუსტად 33 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებით გაერთიანებულ ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა.

„მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა. ეს მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.

9 აპრილი ჩვენთვის ტრაგიკული თარიღია, როდესაც კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მამულიშვილთა ნათელ ხსოვნას; ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. 

ამავდროულად, ეს არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ჩვენს დიდ ისტორიას.

გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ
ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს“,
– აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

1989 წლის 9 აპრილს, დილის 4 საათზე, გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ბრძანებით საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. დაშავდა ასობით ადამიანი და დაიღუპა 21 დემონსტრანტი: აზა ადამია 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის; ნატო გიორგაძე 23 წლის; თამუნა დოლიძე 28 წლის; თინა ენუქიძე 70 წლის; ნინო თოიძე 25 წლის; ზაირა კიკვიძე 61 წლის; მანანა ლოლაძე 33 წლის; თამარ მამულიშვილი 50 წლის; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე 22 წლის; ნანა სამარგულიანი 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი 25 წლის; თამარ ჭოველიძე 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილ, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე 43 წლის; მანანა მელქაძე 23 წლის; გია ქარსელაძე 25 წლის.

ორი წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად, 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1993 წელს, საქართველოს პარლამენტმა 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]