weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

დღეს, როცა რუსის ტანკები უკრაინას თავს ესხმიან, ჩვენი მაგალითი იმედის მომცემია – პრეზიდენტი

18:07 შაბათი, 09 აპრილი 2022

„დღეს, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმიან და 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

„ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება.

ვიცით და გვჯერა, რომ ბუჩასა და კრამატორსკის ტრაგედიები, როგორც ჩვენი 9 აპრილის ტრაგიკული ღამე, გახდება სულიერი გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების საწინდარი.

ასეთი შავი დღეები საზრდოა ეროვნული სულის სიმტკიცისა და გამძლეობისა. დღეს ამას რომ ვამბობთ, ამ დიდი მარხვის დღეებში ვიცით და გვჯერა, როგორც ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, ისე ტანჯვას მოჰყვება გამარჯვება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერით საქართველომ 1989 წლის 9 აპრილის ღამის ტრაგედია დაამარცხა და აღასრულა 9 აპრილს შეწირულთა ნება.

„ამ აქტით ერთად დავამარცხეთ 9 აპრილის ტანკები, დავამარცხეთ ნიჩბები და დავამტკიცეთ, რომ მსხვერპლი ტყუილად არ ყოფილა. სწორედ მათი უმაღლესი მონაპოვარია, რომ სულ ცოტა ხანში, ორი წლის შემდეგ რეფერენდუმით გამყარებული დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. სწორედ იმ დღიდან, 9 აპრილი საზეიმო დღედ გადაიქცა. სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისა და გამარჯვების სიმბოლოდ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, დილის 4 საათზე, გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ბრძანებით საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. დაშავდა ასობით ადამიანი და დაიღუპა 21 დემონსტრანტი: აზა ადამია 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის; ნატო გიორგაძე 23 წლის; თამუნა დოლიძე 28 წლის; თინა ენუქიძე 70 წლის; ნინო თოიძე 25 წლის; ზაირა კიკვიძე 61 წლის; მანანა ლოლაძე 33 წლის; თამარ მამულიშვილი 50 წლის; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე 22 წლის; ნანა სამარგულიანი 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი 25 წლის; თამარ ჭოველიძე 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილ, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე 43 წლის; მანანა მელქაძე 23 წლის; გია ქარსელაძე 25 წლის.

ორი წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად, 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1993 წელს, საქართველოს პარლამენტმა 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]