weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზურაბიშვილი აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებლებს: „დემოკრატიის გზაზე ერთად ვიაროთ“

19:00 შაბათი, 09 აპრილი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც მიმართა. ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც „ვიღაც შეიძლება ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას“, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება.

„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან: ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება, უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას - იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ეხება ასევე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და რომლებთანაც, ბოლოს და ბოლოს, საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს.

მინდა დღეს, აქედან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ იმ დროს, როდესაც ვიღაც შეიძლება ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას: უნდა იცოდეთ – და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის თუ დადებული პირობის გატეხვა –

საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა.
ყველა ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის.

დღეს საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. აჩქარებული ევროპული ინეტგრაციის გზა. გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე, დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ.

ერთიანობა ვერც დაძალებით და ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება. ეს გზა განვლილი გვაქვს. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე პრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა სულ ცოტა გაგება მაინც და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენება. ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს ამ 9 აპრილს, დიდებულ დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]