weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოჯახი ხელისუფლებას „გონივრულ ვადას“ აძლევს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად

00:00 პარასკევი, 29 აპრილი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა რუსთავის ციხესთან პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ვადას 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად.

როგორც დავით სააკაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნიდან ჩანს, რომ მისი ძმის „ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“.

„საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული, თუ რა რისკებთან და ზოგადად, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მე როგორც მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა.

მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ.

ძალიან მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ითხოვენ, რომ მიშა გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ალბათ, საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდა რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე.

მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს.

მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ვაძლევთ გონივრულ ვადას ჩვენს მთავარობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ ორშაბათს 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ორშაბათ საღამომდე ოჯახის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჯერ პერმანენტულ აქციებს, შემდეგ კი დიდ აქციას გამოაცხადებენ იმისთვის, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს და მკურნალობის საშუალება მიეცეს.

27 აპრილს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა მოამზადა. ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. მათი რეკომენდაცია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]