weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თელავის მერობის კანდიდატი სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვს

17:42 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

ლეიბორისტული პარტიიდან თელავის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ვარდოშვილი, რომელიც რაიონულმა სასამართლომ დღეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 500 ლარით დააჯარიმა, სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვს.

„ვისაც ოდნავ მაინც ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მე ვიდევნები არსებული რეჟიმის მხრიდან, როგორც ლეიბორისტული პარტიიდან თელავის მერობის კანდიდატი, დღეს საბოლოოდ დარწმუნდება ამაში. დღეს თელავის სასამართლოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მოსამართლე მარინე ცერცვაძემ დააკმაყოფილა საოლქო-საარჩევნო კომისიის მოთხოვნა და 500 ლარით დამაჯარიმა. როდესაც მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, შემდეგ გამიკეთა ასეთი მოკლე განმარტება, რომ თქვენ საოლქო კომისიაში ჟურნალისტებთან ერთად არ უნდა მისულიყავით და სამართლებრივი გზა უნდა აგერჩიათო. აი, რა არ მაპატია რეჟიმის მსახურმა მოსამართლემ, რომ გამოვიტანე საარჩევნო კომისიის მახინჯი მხარეები, რაც ხდება სისტემაში, არ მაპატია ჟურნალისტების იქ მიყვანა.

რაც შეეხება საკითხის მეორე მხარეს, თურმე მე ვყოფილვარ სამართალდამრღვევი პირი, ხელი შემიშლია კომისიისთვის მუშაობაში. ამ ლოგიკით რომ მივყვეთ, ჩემი თანხლები ყველა პირი უნდა დაჯარიმებულიყო, ჟურნალისტებიც და ოპერატორებიც, მაგრამ მე ჩამთვალეს დაბალ ღობედ და მათი დაჯარიმება ვერ გაბედეს“, - განაცხადა ვარდოშვილმა.

თელავის მერობის კანდიდატი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.  

„მივმართავ სახალხო დამცველს, უფლებადცვით ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ ამ საქმით. ეს საქმე მარტო მე არ მეხება, ამით არსებულმა სისტემამ აჩვენა, რომ კანონის ეს მუხლი იქნება დასაშინებელი იარაღი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართაც. ნებისმიერი კომისიის თავმჯდომარე ეტყვის მიუკერძოებელ დამკვირვებელს, რომ ახლა შენ თუ ჭკვიანად არ იქნები და უკანონობაზე თვალს არ დახუჭავ, მივიჩნევთ, რომ მუშაობაში ხელს გვიშლი და დაგაჯარიმებთ 500 ლარით“, - ამბობს ვარდოშვილი.

საქმე ეხება 2017 წლის 7 სექტემბერს, ნიკოლოზ ვარდოშვილის მიერ თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში რამდენიმე თანაპარტიელთან და ჟურნალისტებთან ერთად მისვლის და კომისიის თავმჯდომარისგან განმარტების მიღების მცდელობის ფაქტს.

იურისტების განცხადებით, უწყვეტი ვიდეომასალიდან რომელიც თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში ნიკოლოზ ვარდოშვილის და მისი რამდენიმე მხარდამჭერის, ასევე ჟურნალისტების მისვლას ასახავს, არსად ჩანს, რომ რომელიმე პირი კომისიის შენობაში ან კალმახელიძის სამუშაო ოთახში შეიჭრა და ვინმეს მუშაობაში ხელი შეუშალა.

საარჩევნო კოდექსის 91 პრიმა მუხლი, რომლის საფუძველზეც კომისიის თავმჯდომარემ ვარდოშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, ახალი ამოქმედებულია და საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევის შემთხვევაში, შესაბამისი პირის, 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]