weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუ დასჭირდება, სააკაშვილი სუიციდის პრევენციის პროგრამაში იქნება ჩართული – სუბარი

16:50 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, მიხეილ სააკაშვილს სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართავენ, რომელიც ციხეებში 2013 წლიდან ხორციელდება.

„მე იმედი მაქვს, რომ არანაირ სუიციდალურ ქცევას არ ექნება ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ როცა მე ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, ციხეებში სუიციდის პროგრამის მართვა დავიწყეთ და საქრთველოში დღეს, მსოფლიოში, ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული, ყველაზე ნაკლები სუიციდია.

საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა მუშაობს ყველაზე ეკარგად და იმედი მაქვს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ დასჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდება, ის ჩართული იქნება ამ პროგრამაში“, – განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის.

„როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხეს, ვერ ეგუება პატიმრობას, ვერ ეგუება საკანს, მან ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე სანამ ციხეში მოხვდება და არ უნდა ჩაიდინოს დანაშაული. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. თორემ, როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, სასჯელი გარდაუვალია – ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს სასჯელის მოხდა“, – განაცხადა სუბარმა.

როგორც ის ამბობს, „ქართული ოცნების“ წევრები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და დღეს სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. დაპატიმრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი 50 დღეზე მეტი შიმშილობდა, რის შემდეგაც ჯერ გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. რუსთავის ციხეში ის დეკემბრის ბოლოს დააბრუნეს. 20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღით ადრე „ფეხები წაერთვა“ და დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. მისივე თქმით, კიდურებში ტკივილები აქვს, რის გამოც ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება.

„გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი. კვების აღდგენის პროგრამა სრულად ჩავარდა. ახლა წონით ვარ იგივე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კილო ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

22 აპრილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა. მათი დასკვნით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მათი რეკომენდაცია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებაა. ამასთან, ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ არ არის შესრულებული მათ მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ოჯახი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]