weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლენდ-ლიზმა შესაძლებლობები გააჩინა, საქართველო რატომ არ ითხოვს შეიარაღებას? – ელისაშვილი

14:22 სამშაბათი, 10 მაისი 2022

„რატომ ვართ ასეთი არხეინები?! ეს ძალიან მიკვირს. ღვთის იმედად ვართ, რომ თავს არ დაგვესხმებიან, თუ მარია ზახაროვას და მეორე საზიზღარი ქალის, სიმონიანის გულს თუ მოვიგებთ, დაცულები ვიქნებით?“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილიმა პარლამენტში გამოსვლისას.

ელისაშვილი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერას იკითხა, რატომარ ითხოვს საქართველო შეიარაღებას.

„ისტორიული რამ მოხდა ვაშინგტონში, როდესაც პრეზიდენტ რუზველტის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად მოაწერა ხელი „ლენდ-ლიზს“ და უკრაინა მიიღებს არანხულ სამხედრო და ფინანსურ მხრდაჭერას. რა თქმა უნდა, უკრაინას ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ბრძოლაშია ჩართული - იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, თავისუფალი სამყაროსთვის.

ამან, როგორც ახლა მოდაშია თქმა, შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა. შესაბამისად, მაქვს კითხვა ჩემს ხელისუფლებასთან - საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება?

მე არ მომისმენია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების არცერთი განცხადება, რომ ამბობდნენ - ჩვენც მოგვეცით იარაღი, მოგვეცით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო... არ გვჭირდება? ოკუპირებულები არ ვართ? უკრაინას რომ თავს ესხმის, იმ ქვეყნის ჯარი ჩვენთან არ დგას შუაგულ ქართლში? აფხაზეთში, სამეგრელოსთან? კოდორის ხეობა და სხვა ტერიტორიები ჩვენთვის წართმეული არ აქვთ? არ გვჭირდება, რომ უფრო ღონიერი ქვეყანა ვიყოთ და უფრო მომზადებული? რატომ არ ისმის მსგავსი განცხადები? ზოგადად, რატომ არ ვემზადებით ომისთვის? პუტინისნაირი პარანოიკის გარდა, არამგონია ამ ქვეყანაზე ვინმე იყოს, ვისაც ომი უნდოდეს, მათ შორის მე, მაგრამ თუ გინდა, რომ თავს არ დაგესხან, ომი აიცილო თავიდან, ომისთვის უნდა იყო მზად.

თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა ემზადებოდე. რატომ არაფერს აკეთებს, რატომ არ გვესაუბრება ჩვენი ხელისუფლება? გვაქვს თუ არა სამოქალაქო თავშესაფრები? რატომ არ ხდება ტერიტორიული თავდაცვის ფორმირება - ძალიან ეფექტური ქვედანაყოფების, რომლებმაც უკრაინაში თავი გამოიჩინეს?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 მაისს ხელი მოაწერა ლენდ-ლიზის შესახებ კანონს, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პროცედურას გაამარტივებს. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტს შეეძლება მთავრობას მიანიჭოს უფლებამოსილება, უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალდნენ, იჯარით მისცეს თავდაცვის საშუალებები, რათა გააძლიეროს ამ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმისგან ან მიმდინარე აგრესიისგან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]