weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გაგლოევი მიიჩნევს, რომ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ჯერ ადრეა

01:21 კვირა, 15 მაისი 2022

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის გამო აკრიტიკებს. ამასთან, გაგლოევი რუსეთთან გაერთიანების იდეას მხარს უჭერს და ამბობს, რომ ეს ოსი ხალხის „უდიდესი ოცნებაა“.

„მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და ხალხის მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში.

სხვა საკითხია, დადგა თუ არა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა და მისი ჩატარების დაჩქარება“, – განაცხადა გაგლოევმა.

ალან გაგლოევის თქმით, მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული „შეთანხმებით“, სამხრეთ ოსეთი ვალდებულია, საგრეო პოლიტიკა რუსეთს შეუთანხმოს. გაგლოევი კითხულობს, შეათანხმა თუ არა ბიბილოვმა თავისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილ პირებთან.

„იმედია ასეა, თორემ შესაძლოა 1992 წლის რეფერენდუმის ბედი განმეორდეს. ვისაც დაავიწყდა, შევახსენებ, რომ 2014 წელს, რუსეთთან შეთანხმების გარეშე, გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში ჩატარდა, თუმცა მას შემდეგ 8 წელი გავიდა და ვხედავთ, რომ თავიანთ მიზნებს მათ ჯერ ვერ მიაღწიეს“, – ამბობს გაგლოევი.

ის უკმაყოფილოა იმითაც, რომ მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა რეფერენდუმის საკითხი მასთან არ შეათანხმა. ალან გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია 24 მაისს არის დაგეგმილი.

„როგორ შეიძლებოდა რეფერენდუმის თარიღი არ შეთანხმებულიყო სამხრეთ ოსეთის არჩეულ პრეზიდენტთან, იმის გათვალისწინებით, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები მან უნდა განახორციელოს, თანაც საკადრო ცვლილებების პერიოდში.

დაფიქრებულა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხზე და მის შედეგებზე? ჩემი მხრივ, მინდა დავარწმუნო სამხრეთ ოსეთის - ალანიის სახელმწიფოს მოსახლეობა, რომ ჩემი ქმედებები გამოცხადებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით მიმართული იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვაზე, კონსულტაციების გამართვასა და რუსეთის ფედერაციასთან არსებული შეთანხმებების შესრულებაზე“, – აღნიშნავს ალან გაგლოევი.

ანატოლი ბიბილოვმა 13 მაისს, ხელი მოაწერა „ბრძანებას“, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გაიმართოს.

„ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - მივდივართ სახლში, მივდივართ რუსეთში. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი 2022 წლის 17 ივლისს გაიმართება. ჩემთვის დიდი პატივია და საამყოა, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ. როგორც მოქალაქემ და როგორც პრეზიდენტმა ჩემი ხალხის წინაშე ჩემი სიტყვა შევასრულე“, – განახადა ბიბილოვმა ე.წ. ბრძანების ხელმოწერის შემდეგ.

ანატოლი ბიბილოვი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ „წინასაარჩევნო კამპანიის“ დროს აქტიურად საუბრობდა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მან წარმატებას ვერ მიაღწია და 8 მაისს ჩატარებულ ე.წ. მეორე ტურში გამარჯვებულად ალან გაგლოევი გამოცხადდა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

 

ამ თემაზე:

სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი შესაძლოა უკრაინაში დიდი რეფერენდუმის რეპეტიციაა – არესტოვიჩი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]