weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

„ქართული ოცნება“ კანონმდებლობის მექანიზმს პარტიული მიზნებისთვის ბოროტად იყენებს – საია

16:38 პარასკევი, 20 მაისი 2022
კანონპროექტების ერთ-ერთი ინიციატორი გურამ მაჭარაშვილი კანონპროექტების ერთ-ერთი ინიციატორი გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) შეფასებით, არაერთ სამართლებრივ ხარვეზს შეიცავს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ეხება.

საარჩევნო კოდექსში და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, გამარჯვებული საკრებულოს მაჟორიტარი წევრი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს. შესაბამისად, საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობა აღარ იქნება საჭირო.

საია-ს შეფასებით, აღნიშნული ცვლილება აუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, დისკრიმინაციული მიდგომების გამოყენებით ხელს უშლის მუნიციპალურ დონეზე პოლიტიკურ კონსენსუსზე დამყარებული წარმომადგენლობითი დემოკრატიის განხორციელებას, ასუსტებს პოლიტიკური დეცენტრალიზაციის სტანდარტს და ემსახურება ცალმხრივი პარტიული მიზნების მიღწევას.

„ინიციატორების მიერ შემოთავაზებული დიფერენციაცია პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით არჩეულ საკრებულოს წევრებთან დაკავშირებით, დისკრიმინაციულ მიდგომას ამკვიდრებს კანონმდებლობაში. სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია სადეპუტატო უფლებამოსილების დაწყების კონტექსტში ორი საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრების გამიჯვნის საჭიროება“, – წერს საია კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რეალურად, პირდაპირ ეხმიანება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.

„იმის გამო, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმის საკრებულოს სხდომებზე არ ცხადდებიან და მისი გახსნის კვორუმი ვერ იქმნება, „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს თავისი მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობას, რის შემდეგაც ეს პარტია საკრებულოში უმრავლესობას მოიპოვებდა და თანამდებობის პირების არჩევასაც შეძლებდა. ამგვარი სიტუაციის გაგრძელების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 3 ივნისს ბათუმის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. აქედან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ორგანული კანონების შეცვლის გზით, გვერდი აუაროს ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის აუცილებლობას და მხოლოდ მაჟორიტარ წევრთან მიმართებით დაადგინოს სადეპუტატო უფლებამოსილების დაწყების ახალი წესი. ამგვარი ინიციატივა მიუთითებს კანონმდებლობის ცვლილების მექანიზმის გამოყენებას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ინიციატორთა ცალმხრივ და სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს აგრეთვე შემდეგი გარემოება: ბათუმის მსგავსი კრიზისი სენაკის საკრებულოშიც არსებობს მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში და ის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციას, დაიმატოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 1 წევრი, რის შემდეგაც აქაც შესაძლებელი გახდებოდა თანამდებობის პირების არჩევა და საკრებულოს ფუნქციონირების დაწყება.

იმის გამო, რომ სენაკის საკრებულოში ოპოზიციას აქვს რეალური შესაძლებლობა, პროპორციული წესით არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, თავიანთი კანდიდატი აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცალსახად იკვეთება კანონპროექტთა ავტორების მიზანი, თუ რატომ არ ავრცელებენ ახალ წესს პროპორციული წესით არჩეულ წევრებზე“, – აცხადებს საია.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, კანონმდებლობის ცვლილებების ინსტრუმენტი არ გამოიყენოს თვითნებურად, მხოლოდ ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კრიზისი გადაჭრას არა დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით, არამედ ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული, დროებითი ანტიკრიზისული ნორმებით.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტები პირველი მოსმენისთვის განიხილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]