weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობა – NATO-ს გენმდივანი

12:13 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022

„ჩვენ შესაძლოა შოკირებული ვიყავით უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრით, მაგრამ მას არ უნდა გავეკვირვებინეთ. ეს იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ პროგნოზირებული შეჭრა. თვეების განმავლობაში ჩვენ ვასაჯაროებდით დაზვერვის მონაცემებს და ვაფრთხილებდით პუტინის გეგმების შესახებ“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა იმ მოდელის ნაწილია, რომელსაც რუსეთი მრავალი წლის მანძილზე მიჰყვება და რომლის მიხედვითაც, სამხედრო ძალას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა, ახლა კი ომი უკრაინაში.

2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში პირველად შეიჭრა, NATO ადაპტირდებოდა და ემზადებოდა. ჩვენ გავზარდეთ თავდაცვის დანახარჯები და ინვესტიციები ჩავდეთ თანამედროვე აღჭურვილობაში. ისტორიაში პირველად, საბრძოლო ჯგუფები განვათავსეთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა და შეიქმნა ახალი თავდაცვის სფეროები, მათ შორის კიბერსივრცე. როდესაც რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში, NATO მზად იყო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ახლა NATO-ს უშუალო მთაურობის ქვეშ 40 000-ზე მეტი ჯარისკაცია, 100 000-ზე მეტი კი მზადყოფნაშია და მზადაა უპასუხოს ნებისმიერ აგრესიას, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის „ყოველი სანტიმეტრი“.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისგან დასავლეთმა ისწავლა, არის ის, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებები მოკლევადიან ეკონომიკურ ინტერესებში არ უნდა გაცვალოს.

„უკრაინაში ომი ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია ავტორიტარულ რეჟიმებთან ეკონომიკურ ურთიერთობებს დაუცველობის შექმნა. ეს ეხება რუსეთს და ასევე, ჩინეთს - კიდევ ერთ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ეს ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ეკონომიკურ არჩევანს გავლენა აქვს ჩვენს უსაფრთხოებაზე. თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენი ღირებულებების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური სარგებელი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]