weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სასამართლოს მხარდაჭერა არაპარტიული და აპოლიტიკურია – აშშ-ის საელჩო

16:57 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის დახმარება არაპარტიული და აპოლიტიკურია.

„30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გუშინ, 24 მაისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიმართა თხოვნით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში ვიზიტის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაეკეთებინა. კობახიძის თქმით, ოპოზიცია საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. „მთავარ არხთან“ მოსამართლემ განაცხადა, რომ ტრენინგზე აღარ მიდის, თუმცა არ უთქვამს რა მიზეზით. ლაშა ჩხიკვაძემ თქვა, რომ უმჯობესია, კომენტარი აშშ-ის საელჩომ გააკეთოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. საქართველოს სახალხო დამცველისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, განაჩენი კანონთან შეუსაბამო და პოლიტიკურად მოტივირებულია. საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ განაჩენი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]