weather cur horoscope tv
ივნისი 27, 2022

სოროსის ფონდის თბილისის ოფისი ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად არის გადაქცეული – კობახიძე

15:17 პარასკევი, 27 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „ღია საზოგადოების ფონდის“ თბილისის ოფისი „ომის პარტიის“ ერთ-ერთ დანამატად არის გადაქცეული. ამის შესახებ კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მმართველი პარტიის ლიდერს ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეაფასებდა „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველოს არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის, არამედი პოტენციური კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

„სამწუხაროდ, სოროსის ფონდის თბილისის ოფისი, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში, პირდაპირ არის გადაქცეული ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად და ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან.

ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება. როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ კრიტიკულ დროს, ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზეც ვსაუბროთ: ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ვანო ჩხიკვაძე თუ ვინც არის, მისი ქმედებაც არის ზუსტად ამ ომის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის გაგრძელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამის უკან რა დგას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის არეულობის მცდელობა, რომელსაც ვიხილავთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთ რამ არ მოხდება, რადგან საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

საქმე ეხება „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროპული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორის, სონია შიფერსის სტატიას, რომელიც 25 მაისს გამოქვეყნდა. პუბლიკაციის ბოლოს აღნიშნულია, რომ საქართველოს და ევროკავშირის წინაშე დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ყველაზე გონივრული ვარიანტი საქართველოსთვის „პოტენციური კანდიდატის“ სტატუსის მინიჭებაა. სტატიის ავტორების მოსაზრებით, ევროკავშირს შეუძლია საქართველოს დაჰპირდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც ის გააუმჯობესებს თავის შედეგებს რიგ სფეროებში, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის, უმცირესობათა უფლებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს მმართველ პარტიაზე, „ქართულ ოცნებაზე“ მოახდენს ზეწოლას, დემოკრატიზაციის გზას დაუბრუნდეს და ზოგიერთი ძირითადი პრობლემა გადაჭრას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]