weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ევროკავშირის პარლამენტი მხარს უჭერს ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვას

17:54 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 16 მაისს გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ევროკავშირის პარლამენტი მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მოწოდებას განაჩენის გადახედვის შესახებ.

ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს, რომ მთავრობამ სწრაფად უნდა გაატაროს ეფექტური სასამართლო რეფორმა ყოვლისმომცველი და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის გზით, რათა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დღეს მიიღო, რასაც წინ დებატები უძღოდა. რეზოლუციით ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს მრავალფეროვან და პლურალისტურ მედია ლანდშაფტს, მაგრამ გმობს უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობებს მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და პრო-სამთავრობო მედიას შორის.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან და მედიის მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების დაწყებისგან.

რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის პარლამენტი მკაცრად გმობს იმ ფაქტს, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის დროს, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სათანადო გამოძიება არ ჩატარდა.

„მსგავსი ქმედებების ჩამდენი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, რადგან წარმოადგენენ როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებების დარღვევას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი გმობს ლგბტქი+ ადამიანების დისკრიმინაციას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკაში სრულად განახორციელოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]