weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

ტოკაევი: სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მსგავსად სავარაუდოდ არც დონეცკს და ლუგანსკს ვაღიარებთ

11:09 შაბათი, 18 ივნისი 2022

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამოვიდა, განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას ყაზახეთი სავარაუდოდ არ აღიარებს.

ტოკაევს კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიამა ჰკითხა, რას ფიქრობენ უკრაინაში რუსეთის „სპეციოპერაციის“ და მისი „გარდაუვალობის“ შესახებ ყაზახეთში, რაზეც ყაზახეთის უპასუხა:

„პირდაპირ გეტყვით, განსხვავებული მოსაზრებებია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი საზოგადოება ღიაა, მომწიფებულია და ამიტომ, სხვადასხვა მოსაზრებები ისმის, მაგრამ მე მინდა შემდეგი აღვნიშნო: თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ორი მთავარი პრინციპი, რომელიც წესდებაშია ჩადებული, დღეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდა. ეს არის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და ერის თვითგამორკვევის უფლება. დამფუძნებელმა მამებმა, როგორც ჩანს, თავის დროზე არ გაითვალისწინეს ეს მომენტი და, შესაძლოა, შეგნებულად შემოიტანეს კომპრომისად ორი პრინციპი, რომლებიც ახლა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

რა თქმა უნდა, რამდენადაც ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მათი სხვადასხვაგვარად გაგება ხდება. ერთი მხარე ამბობს, რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა წმინდაა, წმინდა კატეგორიაა, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ ერს აქვს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის უფლება და შეუძლია გამოეყოს.

თუ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალიზებული იქნება მთელს დედამიწაზე, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ახლა შედიან გაეროს შემადგენლობაში, გაჩნდება 500-ზე ან 600-ზე მეტი ქვეყანა. ეს, რა თქმა უნდა, ქაოსი იქნება.

ამ მიზეზით ჩვენ არ ვაღიარებთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს, არც აფხაზეთს და სავარაუდოდ, ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კვაზი-სახელმწიფოებრივ ტერიტორიებთან მიმართებაშიც, როგორებსაც, ჩვენი აზრით, წარმოადგენენ ლუგანსკი და დონეცკი.

ეს არის გულახდილი პასუხი თქვენს გულახდილ შეკითხვაზე“, – თქვა ტოკაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ის რაც უკრაინის თავს ხდება, „ძალიან სამწუხარო ასოციაციებს“ იწვევს: „მით უმეტეს, გვახსოვს, რომ საბჭოთა დროს უკრაინა იყო საბჭოთა კავშირის მარცვლეულის საცავი, ინდუსტრიულად განვითარებული რესპუბლიკა და ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი ხელმძღვანელი უკრაინიდან იყო. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. სამწუხაროდ, დრო იცვლება. ის, რაც დღეს არის, ახალი რეალობაა, რაზეც ვსაუბრობდი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]