weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხაბეიშვილი ღარიბაშვილს: პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო

17:08 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

„კორუფციის მიმართულებით პრობლემა არისო და ელიტური კორუფციაა ქვეყანაში და ამას უნდა ებრძოლოთო, ბატონო ირაკლი. პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო ცოლსო - ასე ხომ არ დაწერდნენ?“, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მანამდე, პარლამენტში წარმატებებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ნეპოტიზმი არ იყოს ქვეყანაშიო და ცოლის და არ დაასაქმოო ამ მშიერ ქვეყანაშიო, ხალხი რომ გააღატაკეთ და ჩვენ რუსეთში მიგვექაჩებით და თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ - კომოს ტბებზე ისვენებთ და უცხოეთში აძლევთ თქვენს შვილებს განათლებას, საწყალ ხალხს კი საჯარო სკოლაში ვერ დაყავს ბავშვი, იმიტომ, რომ ზოგს ტანსაცმელი არ აქვს, ზოგს საჭმლის შესაძლებლობა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ დაგადანაშაულათ კორუფციაში: კორუმპირებული იყო, ხელი წაუცდა და მის ნათესავებთან აღებ-მიცემობაში იყოო. როგორ დამთავრდა ეს ამბავი? თქვენ რატომ არ დაგსაჯეს ამ კორუფციაზე? ან თქვენი ნათესავებს უკან მოატანინეთ ეგ ფული, რატომ არ დაიჭირეთ? პირდაპირ სახელობითად არ ჩაგიწერდნენ, რომ ტენდერები არ უნდა მოიგოს ყოველმა მეორე პარლამენტარმა.

დეოლიგარქიზაციაო, ანუ ღარიბაშვილი ბიძინას ბანკირი რომ იყო და დღეს მთავრობას მართავს, ეგრე არ გამოვაო. მისი პირადი დაცვის უფროსი გომელაური რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრია, მისი კიდევ ერთი ბანკირი, ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს - ეს არის პრობლემა, ანუ ამით ვერ მიგიღებთ ევროპაშიო.

თქვენ სახელობითად ხართ პრობლემა, ჩამოგთვალათ, ფაქტობრივად ევროპარლამენტარმა და მათ შორის, ისტორიული დოკუმენტი მიიღეს, სადაც ბიძინა ივანიშვილზე წერენ, რომ სამშობლოს მოღალატეა, პრობლემას უქმნის ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ევროპულ მომავალს.

 5-6 ივლისსზე პირადად გაქვთ პასუხისმგებლობა, ოპერატორის მკვლელობის თანამონაწილე ხართ და საერთოდ, როგორ დგახართ ხოლმე მერე იმ კამერებთან და მიკვირს, ოპერატორებს თვალს როგორ უსწორებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა, საქართველოს „ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით“ ჩამორჩებიან. მან ერთ-ერთ მაგალითად კორუფციასთან ბრძოლა დაასახელა და თქვა, რომ 2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომი გახდა „გადამწვეტი მოტივატორი“ იმისა, რომ ევროკავშირი უკრაინას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აძლევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]