weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით დაინიშნა

19:24 ორშაბათი, 27 ივნისი 2022

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე მეორე ხუთწლიანი ვადით დანიშნა. ის ამ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო.

დღეს, ჩინჩალაძის არჩევამდე, იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან ონლაინ კონსულტაცია გამართა. როგორც საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, ყველა მოსამართლე ჩინჩალაძის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა.

„მას ეს თანამდებობა სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პრივილეგიებისთვის, რომ განიხილოს საქმეთა ნაკლები რაოდენობა. მისი გავლენა არის უფრო მასშტაბური, ვიდრე ეს არის თბილისის ერთი სასამართლო. მისი გვალენა ვრცელდება უზენაესი სასმართლოდან დაწყებული ნებისმიერ პირველი ინსტანციის სასამართლოზე“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ჩინჩალაძის დანიშვნას აპროტესტებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე. ჟურანალისტებთან კომენტარის გაკეთებისას მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საბჭოს სხდომას ჩინჩალაძე არ დასწრებია.

„მიხეილ ჩინჩალაძემ არც კი ინება, რომ ფიზიკურად მოსულიყო და თუნდაც ფორმალურ გასაუბრებაში მიიღო მონაწილეობა. კლანი, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ისე არის გასული თავს, რომ დღეს ცარიელი სკამი დანიშნეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. საერთოდ არაფრად დაგიდევენ, რას ამბობს ევროკავშირი, ევროკომისია თუ შარლ მიშელი“, – თქვა ანა დოლიძემ.

მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ პირველად 2017 წლის მაისში დანიშნეს. არასამთავრობო ორგანიზაციები მას სასამართლოში არსებული კლანის წევრად მოიხსენიებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]